Louis Vuitton-ის კაცის ხაზის კრეატიული დირექტორის პოზიცია მას შემდეგ არის ვაკანტური, რაც დიზაინერი ვირჯილ აბლო 2021 წლის ნოემბერში მოულოდნელად გარდაიცვალა. ამ ეტაპზე კვლავ უცნობი რჩება თუ ვინ მოირგებს ფრანგულ მოდის სახლში ამ საპასუხისმგებლო როლს, თუმცა დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის შექმნაში მონაწილეობის მიღების შეთავაზება KidSuper-ის დამფუძნებელმა და კრეატიულმა დირექტორმა ქოლმ დილანმა მიიღო.
ქოლმი 2021 წელს ახალგაზრდა მოდის დიზაინერების ყველაზე პრესტიჟულმა კონკურსმა LVMH Prize-მა ორ სხვა დიზაინერთან ერთად კარლ ლაგერფელდის სახელობის პრიზით დააჯილდოვა. 2022 წელს ის CFDA-ს წლის დამწყების დიზაინერის კატეგორიის ნომინანტებს შორისაც მოხვდა.
“ვერ წარმომედგინა, რომ “ლუი ვიტონი” ასე გარისკავდა,” – განაცხადა დიზაინერმა Louis Vuitton-ის მიერ მის მიწვევასთან დაკავშირებით. “მეგონა, რომ ძალიან ბევრი წესი დამხვდებოდა – რისი გაკეთების ნება მქონდა და რისი – არა, მაგრამ მათგან ტკბილეულის მაღაზია მერგო. საშუალება მომცეს ყველაფერს შევხებოდი – ტანსაცმელს, ჩანთებს, ფეხსაცმელებს, აქსესუარებს. სიგიჟეა. თუმცა თუ ისტორიას გადავხედავთ, მარკ ჯეიკობსი გიჟური გადაწყვეტილება იყო, იმავეს თქმა შეიძლება ვირჯილზეც. მეც, რა თქმა უნდა, გიჟური გადაწყვეტილება ვარ, მაგრამ ეს გიგანტური კორპორაცია ჩემი სტერეოტიპული შეხედულებების სრულიად საპირისპირო აღმოჩნდა.”
ქოლმის ჩართულობით შექმნილი Louis Vuitton-ის კოლექციის ჩვენება 19 იანვარს პარიზში გაიმართება. ასევე ცნობილი გახდა, რომ ჩვენებაზე სხვა ტალანტებმაც იმუშავეს, მათ შორის: რეჟისორებმა ოლივიე და მიშელ გონდრებმა, სტილისტმა იბრაჰიმ ქამარამ და უკრაინელმა სცენოგრაფმა ლინა კუცოვსკაიამ. გარდა ამისა, პრეზენტაციაზე “მუსიკის საყოველთაოდ ცნობილი ვარსკვლავის” გამოჩენაც მოსალოდნელია, რომლის ვინაობაც ჯერ-ჯერობით უცნობი რჩება.