“Charlie” – ასე ეწოდება ლუი ვიტონის ახალ სპორტულ ფეხსაცმელს, რომელიც განსაკუთრებით მინიმალისტური სტილის მოყვარულებს დააინტერესებს. შავ და თეთრ ფერებში წარმოდგენილი ახალი დახვეწილი და სადა დიზაინი განკუთვნილი იქნება როგორც ქალებისთვის, ისე მამაკაცებისთვის. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ლუი ვიტონი თავის მომხმარებელს უნისექს სნიქერს სთავაზობს.
ფეხსაცმელი ასევე ერგება ბრენდებისთვის თანამედროვე დროის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევას, რომ წარმოებული პროდუქცია ბუნებისთვის ნაკლებად საზიანო და ეკო-მეგობრული იყოს. “Charlie”-ს დასამზადებლად გამოყენებული მასალის 90% გადამუშავებულია და ცოცხალ ორგანიზმებს ეფუძნება.

WWD-ს ცნობით, ფეხსაცმლის ძირისთვის გამოყენებული რეზინის 94% გადამუშავებულია, ზედა ნაწილის შემადგენლობაში კი ხელმეორედ გამოყენებული პოლიესტერისგან და სიმინდზე დაფუძნებული Biopolioli-სგან მიღებულ გლუვ და მარცვლოვან სინთეტიკურ მასალას ვხვდებით. ენაზე განთავსებული პატჩი, ფეხსაცმლის უკანა ნაწილი და LV-ს ლოგო დამზადებულია Econyl-ით, აღდგენილი ნეილონით, რომელიც ისეთი ნარჩენების გადამუშავებით მიიღება, როგორებიცაა: სათევზაო ბადეები, ქსოვილის ნარჩენები და ინდუსტრიული პლასტმასი.
იტალიაში დამზადებული “Charlie” გაყიდვაში 12 ნოემბრიდან გამოვა და ხელმისაწვდომი იქნება 34-47 ზომებში. დაბალყელიანი ვერსიის ღირებულება $1,080 იქნება, ხოლო მაღალყელიანის – $1,130. აღსანიშნავია, რომ ყუთი, რომლითაც სნიქერებს მფლობელები მიიღებენ, დამზადებული იქნება 100% გადამუშავებული მუყაოთი.