2025 წლის პირველ კვარტალში, მოდისა და სილამაზის პროდუქტებზე გაყიდვების შენელების მიუხედავად, კოსმეტიკური გიგანტის, “ლორეალის” გაყიდვები 3.5%-ით გაიზარდა. კომპანიის გაყიდვები მოსალოდნელზე მაღალი იყო ევროპაში, სადაც განსაკუთრებით კარგი შედეგი სახის კრემებისა და პარფიუმერიის სეგმენტში დაფიქსირდა. ჯამში, ფრანგულ კომპანიას, 2025 წლის პირველ სამ თვეში, 11.7 მილიარდი ევროს შემოსავალი ჰქონდა.

გაყიდვების ზრდა დაფიქსირდა Hermès-შიც, რომელიც 15 აპრილს, ოფიციალურად გახდა მაღალი მოდის ყველაზე ძვირადღირებული კომპანია. 2025 წლის პირველ კვარტალში, “ერმესის” გაყიდვები 9%-ით გაიზარდა. ჯამში, იანვარში, თებერვალსა და მარტში, ბრენდის შემოსავალმა 4.1 მილიარდი ევრო შეადგინა.

გაყიდვების შენელება და კრიზისი აისახა Valentino -ს ფინანსურ ანგარიშებში. ახლადგავრცელებული ინფორმაციით, 2024 წელს, ბრენდის გაყიდვები 2%-ით, ხოლო საოპერაციო მოგება 22%-ით შემცირდა. 2024 წელი ბრენდისთვის ტრანსფორმაციული იყო, “ვალენტინოს” ახალი შემოქმედებითი დირექტორი – ალესანდრო მიკელე შეუერთდა.

გაყიდვების კლება დაფიქსირდა მოდის ყველაზე დიდ კონგლომერატში. LVMH-ის 2025 წლის პირველი კვარტლის შემოსავალი 5%-ით შემცირდა. LVMH ფლობს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: Louis Vuitton, Dior, Fendi, Givenchy და ა.შ. სწორედ კლების შესახებ გავრცელებული სიახლის შემდეგ, კონგლომერატის საბაზრო ღირებულება 7%-ით შემცირდა, რამაც საბოლოოდ, გამოიწვია Hermès-ის ყველაზე ძვირადღირებულ Luxury კომპანიად პოზიციონირება.