მე-20 საუკუნის 80-იანი წლების ბოლოსა და 90-იანი წლების დასაწყისში, მოდაში დიდი ცვლილებების დრო დადგა: ნიშური, სუპერ-ექსკლუზიური ინდუსტრია რამდენიმე წელიწადში პოპ-კულტურის ნაწილად იქცა, მასში მომუშავე ადამიანები კი, ჰოლივუდის ვარსკვლავებს თითქმის გაუთანაბრდნენ და თავად იქცნენ სელებრითებად. აღნიშნული რევოლუციის შუაგულში ოთხი თინეიჯერი მოდელი მოექცა – ნაომი ქემბელი, ლინდა ევანჯელისტა, სინდი კროუფორდი და კრისტი ტორლინგტონი.

მოდის როკ-ვარსკვლავები, ინდუსტრიის Spice Girls ან The Beatles, მათ ბევრი მეტსახელი ჰქონდათ, მათ ყველა იცნობდა, მათთან მუშაობა სურდა ყველა დიზაინერს, სტილისტს, ფოტოგრაფს, მუსიკოსებსაც კი, განსაკუთრებით ჯორჯ მაიკლის “Freedom! ’90”-ს მუსიკალური ვიდეოს გამოსვლის შემდეგ. სუპერმოდელების ერამ, კერძოდ დიდებულმა ოთხეულმა, მოდაში თამაში შეცვალა და ახალი წესები დაამკვიდრა.

სწორედ ამ თემას ეძღვნება Apple TV+-ის ახალი დოკუმენტური ფილმი “The Super Models”, რომელიც 4 ნაწილისგან შედგება, ხოლო პრემიერა 20 სექტემბერს იგეგმება. თემატურად, ამერიკული და ბრიტანული ვოგის სექტემბრის ნომრებიც სუპერმოდელებს და მათ კარიერას ეხება. ლინდა, ნაომი, კრისტი და სინდი რაფაელ პავაროტიმ გადაიღო, ხოლო ფოტოსესიის სტილისტი ედვარდ ენინფულია.

იხილეთ ფოტოები სრულად: