მათი ბოვანი
2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონისთვის მათი ბოვანმა მდიდრულ ფერებში, ტექსტურებსა და პრინტებში წარმოდგენილ სულ რაღაც ოც ლუქში აბსტრაქტული სკულპტურები, სამეცნიერო ფანტასტიკა, წარსულის დანატოვარი, მომავლის ხედვა და ყოველდღიურობა გააერთიანა.
„კოლექციას იმედი და შიში ერქვა, რადგან უფსკრულში ვართ. არავინ იცის რა იფიქროს. მეორე მხრივ, ამ ჩვენებას ვაკეთებთ, ლონდონში ვართ, შემოქმედებითად დამუხტულები, თუმცა ძალიან მალე შეიძლება ბნელი დრო დაგვიდგეს. ჩემი აზრით, როგორც მოდის დიზაინერები ყოველთვის მომავალს ვუმზერთ. მთავარი მომავალია – არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ახლო ან შორია ის.“
მომავალი ბუნდოვანია. შენ დროზე ხარ დამოკიდებული, რომელიც ძალიან მალე შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს. რა იქნება ხვალ ან თუნდაც ერთი წლის შემდეგ – ზუსტი პასუხები არ გაქვს, მხოლოდ წარსულის და აწმყოს შემყურე აყენებ ვარაუდებს. ჩვენებაზე წარმოდგენილი სტეფან ჯონსის შექმნილი ნიღბები სწორედ გაურკვეველი მომავლის მეტაფორას წარმოადგენს.
„თუმცა რეალურ ცხოვრებაში მათი მორგებისას ვერ ხედავ საით მიდიხარ.“
და რადგანაც გაურკვევლობაში სწორ მიმართულებას მიღებული გამოცდილება გკარნახობს, შოუზე მათიმ არც წარსული დააიგნორა. დიზაინერი უილიამ მორისს, ვანესა ბელს და ჩარლზსტონს შეეხო. კოლექციაში საავადმყოფოებში, ფრენის და სამაშველო ოპერაციების დროს გამოყენებული სამოსის დეტალების გამოყენებით უნიფორმების თემაც შეიტანა. და მიუხედავად ბევრი უცნაური და გიჟური იდეისა, მათის ახალი კოლექციიდან ცალკეული ნაწილები ჩაცმადი და კომერციულია.
კიკო კოსტადინოვი
ლორა და დინა ფენინგებმა კიკო კოსტადინოვისთვის თავიანთი პირველი კოლექცია 2018 წლის სექტემბერში წარადგინეს, ყველაზე პრესტიჟული მოდური სასწავლებლის, Central Saint Martins-ის, დამთავრებიდან მხოლოდ შვიდი თვის შემდეგ.
ახალი კოლექციისთვის ტყუპმა დებმა მოტივად წრე აიღეს, რომელიც მათთვის „სრულყოფილი, ორგანული და შემოსაზღვრული ფორმაა,“ მისი კვლევით კი კოლექციაში მასთან დაკავშირებული „სხვადასხვა ასპექტები და ანოტაციები“ წარმოადგინეს.
კიდევ რა იყო კიკო კოსტადინოვის 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის მთავარი შთაგონების წყარო? დინა ფენინგის პასუხი ასეთია:
„ბერძნულ მითოლოგიას და [ასტრონომიის] მუზა ურანიას ჩავუღრმავდით და მოდის ისტორია მოვიშველიეთ. ისეთი განსხვავებული ელემენტები გავაერთიანეთ, როგორებიცაა: მადამ გრეს მოფარდაგება და სპორტული ნახვრეტები, თუმცა ჩვენი საკუთარი მიდგომით.“
ისინი სამოსს ძალიან მიმწოლი ხასიათის მქონე ქალისთვის ქმნიან. მათი შექმნილი იმიჯი გაბედულია და წარმოდგენილია ფერებში, რომლებიც ერთდროულად შესაძლოა გაღიზიანებდეს და მოგწონდეს. მიმდინარე სეზონზე დებმა პირველად მთლიანად შავი ლუქიც შემოგვთავაზეს.
ფენინგების მესამე ჩვენება ცხადყოფს, რომ დროის მოკლე მონაკვეთში მოდაში თავიანთი სასაუბრო ენა შექმნეს. კიკო კოსტადინოვის ჩაცმა თამამი და დროს მორგებული განაცხადია.