ერდემისთვის ყოველი ახალი სეზონი „ერთი წიგნის ახალი თავია,“ მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ეს წიგნი უფრო და უფრო საინტერესო და დამაინტრიგებელი ხდება. კანადაში თურქი მამის და ინგლისელი დედის ოჯახში დაბადებული დიზაინერის შემოქმედება მრავალფეროვან სილუეტებში წარმოდგენილი მაქმანების და ტიულის, ყვავილების პრინტების და ნაქარგების სამყაროა, რომელსაც პერიოდულად ახალი ელემენტები ემატება. მაგრამ, რაც ამ სამყაროს განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის არის მისი ჩვენებებისთვის დამახასიათებელი ბნელი რომანტიზმი.

ამ სეზონზე ერდემმა მთელი კოლექცია იტალიელი პრინცესა ორიეტა პოგსონ დორია პამფილის ცხოვრების, პიროვნების და მისი რომში მდებარე ათას ოთახიანი სასახლის შთაგონებით შექმნა.

ჯონათან ანდერსონის ბრენდი არ არის განკუთვნილი იმისთვის, ვინც უბრალოდ თეთრ მაისურს ან შავ კაბას ეძებს. ჯეიდაბლიუ ანდერსონი არის მათვის, ვინც უჩვეულოს ძიებაშია.

ჩვენება აღმაფრენი იყო და გარდა ლუქებში გაერთიანებული თითქოს შეუსაბამო დეტალებისა, რომლებიც ჯონათანმა ბუნებრივად და სასიამოვნოდ გადმოსცა, ამის თქმის საფუძველს ღრუბლებზე მოსიარულე ქალის იდეაც იძლევა, რაც სიმბოლურად თეთრ ხალიჩაზე გამოსულმა მოდელებმა გამოხატეს.

კრისტოფერ კეინისთვის სექსუალურობა ბოლო სეზონებია კოლექციების მთავარი თემაა. ადამიანური ობსესიები და სენსუალობა მორიგი თემებია, რომლებიც დიზაინერმა ჩვენებაზე შემოგვთავაზა. კეინმა თავისი კოლექცია, რომელზეც თავის და ტემისთან ერთად იმუშავა, დაახასიათა, როგორც ჩახლართული.

 „მაგრამ მგონია, რომ სწორედ ეს გამოგვდის ყველაზე კარგად. ჩვენ სექსუალურს ყოველთვის სხვებისგან განსხვავებულად წარმოვაჩენთ, ორივე საკმაოდ უცნაურები ვართ.“

ერდემ მორალიოგლუ, ჯონათან ანდერსონი და კრისტოფერ კეინი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან, მაგრამ ამ თაობის დიზაინერებიდან ლონდონში თანაბრად მნიშვნელოვან სტატუსს ინარჩუნებენ.