შანხაიში Le Labo-ს პირველი მაღაზია გაიხსნა, ქალაქის ცენტრში მდებარე შინტიანდის უბანში, სადაც სხვა წამყვანი ბრენდების მაღაზიები მდებარეობს.

შენობა, რომელშიც მაღაზია განთავსდა ისტორიულია. შიკუმენი, იგივე ღია სახლი, მაღაზიის გახსნამდე 1920-იანი წლების შანხაის მაღალი საზოგადოების მუზეუმი იყო.

Estée Lauder-ის მფლობელობაში მყოფმა ლე ლაბომ მაღაზიასთან ერთად, ორსართულიან შენობაში ვეგანური საცხობი და კაფეც გახსნა. ინტერიერი ბრენდისთვის დამახასიათებელი ვინტაჟური ვაბი-საბის სტილშია გადაწყვეტილი, სადაც შენარჩუნებულია თავდაპირველი ხის ჭერი, ფანჯრები, სეიფი და საბეჭდი მანქანა.

სტუმრებს მაღაზიის მეორე სართულზე კაფესა და საცხობის გარდა საკითხავი ზონა და “The Fragrance Organ” დახვდებათ, რომელიც ლე ლაბოს პარფიუმერების სამუშაო გარემოს ერთგვარი რეპლიკაა.

ესტე ლაუდერში შემოსავლებმა 2023 წლის პირველ მეოთხედში იკლო, რასაც კომპანია შენელებულ ტურიზმს უკავშირებს, თუმცა ბრენდისთვის მომგებიანი პარფიუმერიის/სუნამოების სეგმენტი გამოდგა, განსაკუთრებით ისეთ ბრენდებში, როგორებიცაა ლე ლაბო, ჯო მალონი და ახლად შეძენილი ტომ ფორდი.

Le Labo ნიუ-იორკში 2006 წელს ედი როშიმ და ფაბრის პენომ დააარსეს, ხოლო ესტე ლაუდერმა ბრენდი 2014 წელს შეისყიდა. დღესდღეობით მსოფლიოს გარშემო ლე ლაბოს 78 ბუტიკი მდებარეობს, გარდა ამისა ის იყიდება 385 სხვა მაღაზიაში.