პირველად Vogue-ს ისტორიაში, ბრიტანული და იტალიური გამოცემები ერთ ედითორიალს და ვარსკვლავს გვთავაზობს. ორივე ჟურნალში სტივენ მეიზელის გადაღებულ ლედი გაგას ფოტოებს ვხვდებით. საერთო ყდები და ედითორიალები Condé Nast-ის ახალი სტრატეგიის ნაწილია, რაც Vogue-ის გლობალურად ქცევას გულისხმობს. ცოტა ხნის წინ ადელიც ვიხილეთ, როგორც ამერიკული და ბრიტანული ვოგის ნოემბრის ნომრების საერთო Cover Star.
თავის მხრივ, გაგას არჩევა ლოგიკური და მოსალოდნელი გადაწყვეტილება იყო. ის მთავარ როლს ასრულებს ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ ფილმში – “House of Gucci.” მასში სიუჟეტი ბიზნესმენ მაურიციო გუჩის მკვლელობის ირგვლივ ვითარდება. ლედი გაგა სწორედ ამ მკვლელობაში ბრალდებულის, თავად მსხვერპლის ყოფილი ცოლის, პატრიცია რეჯიანის, როლს თამაშობს. რიდლი სკოტის ნამუშევრის პრემიერა 2021 წლის 24 ნოემბერს იგეგმება.
Vogue Italia ნოემბერი 2021

Vogue UK დეკემბერი 2021

იტალიური ვოგის გარეკანზე 12 გრემისა და ოსკარის მფლობელ პოპ ვარსკვლავს პიერპაოლო პიჩოლის Valentino-სთვის შექმნილი ოტ კუტიური აცვია, ხოლო ბრიტანული ვოგის ყდაზე – დენიელ როუზბერის დიზაინი Schiaparelli-სთვის. გადაღებაზე სტილისტად ედვარდ ენინფულმა იმუშავა. მაკიაჟი პეტ მაკგრათს ეკუთვნის, თმის სტილისტი – გუიდო პალაუ.