როდესაც ოთხმოცდაათიან წლებში რაფ სიმონსი კაცის სამოსის ხაზით გამოჩნდა, მან მოდაში სრულიად ახალი სიტყვა თქვა. ახალგაზრდული ხედვით და მეამბოხის სულისკვეთებით განმსჭვალული შემოქმედებით ახალი მწვერვალების დაპყრობა შეძლო და მამაკაცებს სუბკულტურებით, მუსიკით თუ თავისი სხვა ობსესიებით შთაგონებული კოლექციები შესთავაზა.

სიმონსის შემოქმედება მუსიკასთან მჭიდრო კავშირშია, რაც მისი ადრეული ჩვენებებიდანვე გახდა ნათელი. ბელგიელი დიზაინერის 1998 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციაც ერთგვარი პატივის მიგებაა თავისი ამ ინტერესის და ელექტრონული მუსიკის პიონერად წოდებული გერმანული ჯგუფის, Kraftwerk – ის, მიმართ.

 „Radioactivity“ კოლექცია სიმონსმა თავისი ბრენდის დაარსებიდან სამი წლის შემდეგ წარადგინა. სწორედ ამ შოუზე ვიხილეთ Kraftwerk – ის საკულტო ალბომის, „The Man-Machine“ – ის, გარეკანის ცოცხალი ვერსია პოდიუმზე. შოუს სახელიც და საუნდტრეკი „Autobahn“ სწორედ Kraftwerk – ს უკავშირდება.

„მას მოდასთან საერთო არაფერი ჰქონდა, მხოლოდ მუსიკას ეხებოდა.“

რაფ სიმონსი თავის ამ ჩვენებაზე საუბრისას.

ჯგუფის 1978 წელს გამოშვებული ეს ალბომი Karl Klefisch – ის მიერ შეიქმნა და სუპრემატიზმის ავანგარდულ სკოლას მიემართება, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისში რუსეთში ჩამოყალიბდა და გეომეტრიულ ფორმებს აბსტრაქტულ ნამუშევრებად წარმოგვიჩენს. ყდაზე ჯგუფის წევრები წითელ ფონზე დიაგონალურად ერთ ხაზზე დგანან. თითოეულ წევრს წითელი ტუჩსაცხი უსვია. მათ ფორმალური შარვლები წითელ პერანგებთან და ვიწრო შავ ჰალსტუხებთან ერთად აქვთ მორგებული. ჩვენებაზე იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ჯგუფის წევრები პირდაპირ ალბომის ყდიდან გადმოვიდნენ პოდიუმზე.

Kraftwerk’s “The Man Machine” album cover & Raf Simons FW 1998 © The New York Times