კლერ უეით კელერისა და Uniqlo-ს შესაძლო თანამშრომლობის შესახებ მაისში გახდა ცნობილი. ინფორმაცია, რომელსაც WWD წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებდა, ახლა უკვე ოფიციალურად დადასტურდა.

ბრიტანელმა დიზაინერმა Uniqlo-სთან ერთად ტანსაცმლის ხაზი გამოუშვა, სახელწოდებით UNIQLO:C. 2023 წლის შემოდგომის სეზონისთვის განკუთვნილი კოლექცია 30 დიზაინს მოიცავს, მათ შორის: მაისურებს, ქვედაბოლოებს, კაბებს, თრენჩებს და ა.შ. “მინდოდა ჩემი შემოქმედების მახასიათებლები გამეერთიანებინა: ფლუიდურობა, მოძრაობა, ფემინურობა – მთავარი ეს იყო,”- განაცხადა კლერმა Vogue-თან საუბრისას. “მაგრამ ასევე მსურდა, რომ ჩემი ერთგვარი ბრიტანული თვისებებიც წარმომეჩინა – მეჩვენებინა, რომ ყოველთვის მომწონდა გოგოს და ბიჭის სტილის გარკვეული სინთეზი და ჩაცმულობით დამოკიდებულების გამოხატვის იდეა.”

© Uniqlo

2017 წელს კლერი გახდა პირველი ქალი, რომელიც Givenchy-ს კრეატიულ დირექტორად დაინიშნა. 1952 წელს დაარსებულ ფრანგულ მოდის სახლში ბრიტანელი დიზაინერი ამ პოზიციაზე სამი წლის განმავლობაში დარჩა. დროის მოკლე მონაკვეთში მას არაერთი მნიშვნელოვანი წარმატება ხვდა წილად, მათ შორის, 2018 წლის Fashion Awards-ზე ქალის სამოსის წლის ბრიტანელი დიზაინერის ჯილდო მოიპოვა, ხოლო 2019 წელს Time-ის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის საპატიო სიაში მოხვდა. ამ პერიოდში ის ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა მაშინ, როდესაც მეგან მარკლი პრინც ჰარის ცოლად სწორედ კლერის დიზაინით შექმნილ საქორწინო კაბაში გამოწყობილი გაჰყვა.

სანამ დიზაინერი Givenchy-ში მივიდოდა, შემოქმედებითად Chloé-ს უძღვებოდა. თავისი კარიერის განმავლობაში ის ასევე მუშაობდა Gucci-ში ტომ ფორდის პერიოდში, Ralph Lauren-სა და Calvin Klein-ში. დიზაინერმა Givenchy 2020 წელს დატოვა და მას შემდეგ მოდიდანაც გაუჩინარდა. სამ წლიანი პაუზის შემდეგ, მისი დაბრუნების მოწმეები სწორედ Uniqlo-სთან ამ კოლაბორაციის ფარგლებში გავხდით.

© Uniqlo

UNIQLO:C-ს კოლექციის შეძენა 15 სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი როგორც ფიზიკურ მაღაზიებში, ისე ონლაინ.