1987 წლის შემოდგომაზე დიუსელდორფს სამოდელო სააგენტო მეტროპოლიტანის აგენტი, მაიკლ ლევატონი ეწვია. ახალგაზრდული კულტურის აღმოსაჩენად მაიკლი ერთ-ერთ კლუბს ესტუმრა. იმ საღამოს კლუბში პირველად იმყოფებოდა თინეიჯერი გოგონა, რომელმაც ლევატონის ყურადღება მაშინვე მიიქცია. ლევატონმა პოტენციალი დაინახა და ამიტომ გადაწყვიტა გამოლაპარაკება, მაგრამ მასაც კი გაუჭირდებოდა წარმოდგენა, რომ სწორედ იმ დღეს ყველა დროის ყველაზე ცნობილი და წარმატებული გერმანელი სუპერმოდელი აღმოაჩინა.

კლაუდია შიფერი 1970 წლის 25 აგვისტოს გერმანიაში, იურისტების ოჯახში დაიბადა. 17 წლის კლაუდია მამის იურიდიულ ფირმაში მუშაობდა და იურისტიც გახდებოდა რომ არა სასიამოვნო შემთხვევითობა 1987 წლის ოქტომბერში, როდესაც მაიკლ ლევატონმა სამოდელო კონტრაქტით პარიზში მიიწვია. სკოლის დასრულების შემდეგ, შიფერი პარიზში საცდელი გადაღებებისთვის ჩავიდა. სატესტო ფოტოებით აღფრთოვანებულმა ჟურნალ ელის რედაქტორმა კლაუდია გარეკანზე დაბეჭდა, თუმცა საერთაშორისო აღიარება გესის სარეკლამო კამპანიებმა მოუტანა. გესის რეკლამებით შეიქმნა კლაუდია შიფერი, როგორც 90-იანების სექს სიმბოლო, მოდის ყველაზე ცნობილი ქერა, „ორიგინალი ბარბი.“ თუ გესის კამპანიებმა შიფერი საზოგადოებისთვის ცნობილი გახადა, შანელის კონტრაქტმა – საბოლოოდ მონიშნა მაღალი მოდის რუკაზე. კლაუდია ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი მოდელი, რომელიც ვენითი ფეარის, როლინგ სტოუნსის და ფიფლის ყდებზე დაიბეჭდა. იგი ასევე პირველი მოდელი იყო, რომელმაც ვიქტორია სეკრეტის პრესტიჟული Fantasy Bra (ბრილიანტის ბიუსჰალტერი) მოირგო.