WWD წყაროებზე დაყრდნობით ავრელებს ინფორმაციას, რომ დონატელა ვერსაჩეს და მარკ ჯეიკობსის შემდეგ, კიმ ჯონსი Fendi-სთვის საერთო პროექტის განსახორციელებლად სავარაუდო მოლაპარაკებებს სტეფანო პილატისთან აწარმოებს. გამოცემის ცნობით, კოლაბორაციის შესახებ შესაძლოა ნოემბერში გამჟღავნდეს. 

პილატი 2004-დან 2012 წლამდე Saint Laurent-ში კრეატიული დირექტორის პოსტს იკავებდა. მოგვიანებით ის Zegna-ს გუნდს შეუერთდა, რომელიც 2016 წელს დატოვა, 2018 წელს კი ასპარეზზე საკუთარი ბრენდით წარსდგა. Random Identities-მა სახელი გაითქვა, როგორც გენდერ-ნეიტრალურმა ბრენდმა, რომლის ინსპირაციაც ბერლინის გეი და კლუბური კულტურიდან მომდინარეობს. თავისი კარიერის ადრეულ წლებში, პილატი სხვადასხვა პოზიციებზე არაერთ იტალიურ მოდის სახლში მუშაობდა, მათ შორის: Miu Miu-ში, Prada-სა და Giorgio Armani-ში. ივნისში ის მოდელის ამპლუაშიც ვიხილეთ, როდესაც ფარელის Louis Vuitton-ისთვის შექმნილი სადებიუტო კოლექციის ჩვენებაზე გამოვიდა.

Louis Vuitton გაზაფხული/ზაფხული 2024 © Daniele Oberrauch / Gorunway.com

ჯონსი, რომელიც 2018 წლამდე Louis Vuitton-ის კაცის ხაზის კრეატიული დირექტორი იყო, Fendi-ს ოტ კურიურ, ქალის ready-to-wear და ბეწვეულის კოლექციებზე 2020 წლიდან გახდა პასუხისმგებელი. გარდა ამისა, ის შემოქმედებითად ხელმძღვანელობს Dior-ის კაცის ხაზსაც. კოლაბორაციებით სახელგანთქმული დიზაინერის პილატისთან თანამშრომლობა დადასტურების შემთხვევაში დამაინტრიგებელი სიახლე იქნება.

WWD მოსალოდნელი პროექტის შესახებ კომენტარის მისაღებად Fendi-ს წარმომადგენლებთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა უშედეგოდ.