ახლად შექმნილმა ქვეგანყოფილებამ, Kering Beauté-მ პირველი დიდი ნაბიჯი გადადგა და ლაქშერი პარფიუმერიის კომპანია Creed-ი შეისყიდა.

როგორც BoF-ი აღნიშნავს, კერინგი ამიერიდან ქრიდის 100%-იანი მფლობელია და ტრანზაქცია “სრულად ნაღდი ფულით” განხორციელდა. თანხის რაოდენობასთან დაკავშირებით დეტალები ამ მომენტისთვის არ არის ცნობილი.

როგორც აღინიშნა, კერინგისთვის ეს ბიუთი ინდუსტრიაში პირველი დიდი შესყიდვაა. “ჩვენთვის ეს ლოგიკური ნაბიჯია, რადგან ორ კომპანიას ეს საერთო სტრატეგიულ ბენეფიტებს მოუტანს,” აღნიშნა Kering Beauté-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, რაფაელა კორნაჯიამ.

პარფიუმერიის ბაზარი დღითიდღე იზრდება და ნიშური ბრენდების შესყიდვასა თუ გაფართოვებაზე მსოფლიოს თითქმის ყველა კონგლომერატი მუშაობს. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს კერინგი Byredo-ს შესყიდვას ცდილობდა, თუმცა საბოლოოდ ნიშური პარფიუმერიის ბრენდი ესპანურმა კონგლომერატმა Puig-მა შეისყიდა.

რაც შეეხება ქრიდის შემოსავლებს, კომპანიის ანგარიშის მიხედვით, მხოლოდ 2022 წელს მათ “რეკორდული ზრდის წელი” ჰქონდათ, ხოლო 2023 წლის პირველ კვარტალში კი ბრენდის მოგებამ 250 მილიონი დოლარი შეადგინა.