ფრანგული კონგლომერატი, Kering საკუთარი ქოლგის ქვეშ არსებული ბრენდების Beauty ხაზების „სახლში“ დაბრუნებაზე უკვე დიდი ხანია მუშაობს. ამჯერად, ცნობილი გახდა, რომ რაფაელა კორნაჯია ამერიკული კონგლომერატის, Estée Lauder-ის ერთ-ერთი ყოფილი დირექტორი, Kering-ის გუნდს შეუერთდა და სილამაზის განყოფილების აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა.

რაფაელა კორნაჯია (c) Kering

Kering-ში არსებული მოდის სახლების Beauty ხაზები L’Oréal-ისა და Coty-ს მიერაა წარმოებული. მაშინ, როდესაც ქერინგს ლორეალთან პრობლემები ჯერ-ჯერობით არ აქვს, შიდა წყაროების მიხედვით, კოტისთან ბევრი უთანხმოებაა. ცნობისთვის, ლორეალი აწარმოებს ქერინგისთვის უმნიშვნელოვანეს Yves Saint Laurent-ის სილამაზის ხაზს, ხოლო კოტი – Gucci Beauty-ს.

პარასკევს გავრცელებულ განცხადებაში, ქერინგის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ გუჩი Beauty-ის დაბრუნება ჯერ არ განიხილება, რადგან მათი კონტრაქტი კოტისთან კიდევ მინიმუმ 5 წლითაა გაფორმებული, თუმცა ქერინგი იბრუნებს შედარებით პატარა ბრენდების ლიცენზიებს, როგორებიცაა : Bottega Veneta, Balenciaga და Alexander McQueen.

Bottega Veneta-ს სუნამოს კამპანია

“ახალი განყოფილება აღნიშნული ბრენდების სილამაზის კატეგორიების განვითარებას შეუწყობს ხელს, რაც მათი ბუნებრივი გაფართოების ნაწილია.” – ნათქვამია ქერინგის განცხადებაში. “ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ სვლით ჩვენს მოდის სახლებს ფასეულობას შევმატებთ და შევქმნით ღირებულ პროდუქტებს მომხმარებლებისთვის.”

Kering Beauté-ს ახალი ლიდერი, რაფაელა კორნაჯია იტალიელია და მას მილანის Bocconi-ს უნივერსიტეტში აქვს მიღებული განათლება. მან სილამაზის ინდუსტრიაში კარიერა L’Oréal-ში დაიწყი, რის შემდეგაც ესტე ლაუდერში გადაინაცვლა, ასევე მას ნამუშევარი აქვს ტომ ფორდის სილამაზის ხაზსა და MAC Cosmetics-ში.