
რამდენიმე დღის წინ Kering-ის ახალი ინიციატივის შესახებ გახდა ცნობილი, რომელიც კლიმატურ ცვლილებებთან ადაპტაციის სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს. კერძოდ, მდიდრული კონგლომერატი 2035 წლისთვის, 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით, სათბური აირების ემისიის 40%-ით შემცირების ვალდებულებას იღებს.
“გასული წლების განმავლობაში Kering-ის და ჩვენი მოდის სახლების მიერ მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, პარალელურად, ჩვენი ამბიციებიც გაიზარდა,” – განაცხადა Kering-ის გენერალურმა დირექტორმა და თავმჯდომარემ ფრანსუა-ანრი პინომ.
Gucci-ის, Balenciaga-ს და Saint Laurent-ის მფლობელი კომპანია რამდენიმე წელია გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებში ლიდერად გვევლინება. 2019 წელს პინომ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად წარადგინა “მოდის პაქტის” სახელით ცნობილი შეთანხმება, რომელიც მოდისა და ტექსტილის ინდუსტრიის წარმომადგენელ წამყვან კომპანიებს საერთო მიზნისთვის – გარემოს დასაცავად აერთიანებს და გლობალური დათბობის შეჩერებას, ბიომრავალფეროვნების აღდგენას და ოკეანეების დაცვას ითვალისწინებს.