Kering-მა მიმდინარე წლის პირველი სამი თვის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, დროის ამ მონაკვეთში მაღალი მოდის არაერთი მნიშვნელოვანი ბრენდის მფლობელი კომპანიის შემოსავლებმა 3.89 მილიადრ ევროს მიაღწია, რაც 25.8%-იან ზრდას ნიშნავს.
კომპანიის შემადგენლობაში შემავალი ბრენდებიდან განსაკუთრებით შთამბეჭდავი შედეგი Gucci-ს აქვს, რომელმაც აზიისა და შეერთებული შტატების ბაზარზე გასული თვეების განმავლობაში პოზიციების გამყარება შეძლო. წლის პირველ მეოთხედში მოდის სახლის გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა 24.6%-იანი ზრდა აჩვენა და €2.17 შეადგინა. Kering-ში მიღებული შედეგი “კოლექციების სასურველობას, წარმატებულ კოლაბორაციებსა და კლიენტურაზე მორგებულ მრავალ ინიციატივას” დაუკავშირეს. შეგახენებთ, გასული წლის განმავლობაში Gucci-ს გაყიდვები საგრძნობლად იკლებდა, თუმცა გავრცელებული სიახლე ცხადყოფს, რომ იტალიურმა მოდის სახლმა ძალების აღდგენა შეძლო.
რაც შეეხება Kering-ის სხვა ბრენდებს, Bottega Veneta-ს შემოსავლები 24.6%-ით გაიზარდა, Saint Laurent-ის 23.4%-ით და 33.1%-ით – “სხვა მოდის სახლების.” Kering-ში ხაზს უსვამენ, რომ არაჩვეულებრივი შედეგები დააფიქსირეს Alexander McQueen-ის და Balenciaga-ს მოდის სახლებმა.
აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, კომპანიის გაყიდვები 83%-ით გაიზარდა, ჩრდილოეთ ამერიკაში კი 46%-ით. ელექტრონული კომერციის მაჩვენებელიც შესანიშნავია. მიღებული მონაცემების საფუძველზე, ონლაინ გაყიდვებმა კომპანიის მთლიანი შემოსავლის 14% შეადგინა.