მოდაში ე.წ. “streetwear” დიზაინერების დომინირება გრძელდება – იაპონელი დიაზაინერი და ქვეყნის “სთრითვეარის” პიონერი ნიგო Kenzo-ს ახალ შემოქმედებით დიზაინერად დასახელდა. როგორც WWD იუწყება, ნიგო პოზიციას 20 სექტემბერს დაიკავებს და პირველ კოლექციას იანვარში, პარიზის მოდის კვირეულზე წარადგენს.
დიზაინერს კენზო ტაკადას არქივული ნამუშევრების ფართო კოლექცია აქვს, რაც მის კრეატიულ დირექტორად დანიშნვას კენზოში უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს.
ნიგო, რომლის ნამდვილი სახელია ტომოაკი ნაგაო, 1970 წელს დაიბადა, მაშინ, როდესაც კენზო ტაკადამ პარიზში პირველი ბუტიკი გახსნა. მან განათლება ბუნკას მოდის კოლეჯში მიიღო, იმავე კოლეჯში, რომელშიც კენზო სწავლობდა, ხოლო სწავლა იმავე წელს დაამთავრა, როდესაც კენზო LVMH-ის ნაწილი გახდა. “ის კენზოს კვალს დიდი ხნის განმავლობაში მიჰყვებოდა,” განაცხადა სიდნი ტოლედანომ, LVMH-ის ერთ-ერთმა აღმასრულებელმა დირექტორმა, “მისი ცოდნა კენზოს შემოქმედების შესახებ გამაოგნებელია, მას შთამბეჭდავი ხასიათი და შემოქმედებითი ნიჭი აქვს. მისი ხედვა ბრენდისთვის ძალიან საინტერესოა. მას აქვს სტილისა და სილამაზის იაპონური შეგრძნება, რაც ახლა ბაზარს სჭირდება, ამიტომ ვთვლი, რომ ის ბრენდს ახალ ძალას შესძენს.”
ნიგო პორტუგალიელ დიზაინერს ფელიპე ორივერია ბაპტისტას ცვლის, რომელმაც ბრენდში ორი წელი იმუშავა.