საინტერესო სასამართლო სარჩელი შევიდა ავსტრალიის ქალაქ მელბურნის სასამართლოში, ინფორმაციას BBC ავრცელებს. საქმე იმაშია, რომ ადგილობრივმა მამაკაცმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ, დიორისა და ნაიკის კოლაბორაციით შექმნილი Air Jordan 1 -ების ხაზიდან 7 მოდელი 20,000 დოლარად შეიძინა, აღმოაჩინა, რომ მოდელები ყალბია. Dior  x Nike Air Jordan 1 სპორტული ფეხსაცმელი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია თანამედროვე ბაზარზე.

ფრანგული მოდის სახლი და სპორტული გიგანტი კოლაბორაციის ფარგლებში მასობრივ წარმოებასთან ერთად, იშვიათ მოდელებსაც ქმნიან, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ხშირად, მხოლოდ 3000 ან 4000 გამოდის, შესაბამისად, Dior  x Nike Air Jordan 1 -ის შემთხვევაში, მოთხოვნა საგრძნობლად აჭარბებს მიწოდებას.

BBC-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც მამაკაცმა აღმოაჩინა, რომ ყველა მოდელი ყალბია, მან სასამართლოს მიმართა, თუმცა უშედეგოდ. როგორც გაირკვა, ახალგაზრდა, რომლისგანაც მოხდა ნივთების შეძენა, არასრულწლოვანია – მხოლოდ 17 წლის. გამომდინარე აქედან, სასამართლომ 17 წლის თინეიჯერისთვის ზარალის ანაზღაურების დაკისრებაზე სარჩელი არ დააკმაყოფილა.