ლოს-ანჯელესში და კანში გამართული ჩვენებების შემდეგ, იტალიური მოდის სახლი მშობლიურ მილანს დაუბრუნდა. Versace-ში დონატელა ვერსაჩეს ახალი, 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციისთვის თვალის შევლებაც კი საკმარისია, რომ შევამჩნიოთ რეფერენსები Versace-ს 1990-იანი წლების ნამუშევრებიდან, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იტალიური ბრენდის პოდიუმზე ცვლილებების ქარი არ უბერავს.
ამ სეზონზე, ბრენდის სექსუალური იმიჯი შედარებით ნაზმა და ქალურმა ელემენტებმა ჩაანაცვლა, შოუ კენდალ ჯენერმა თეთრი მინი-კაბითა და დაბალძირიანი ფეხსაცმლით გახსნა. პასტელური ფერების დომინაციამ დონატელას უახლესი შემოთავაზება უფრო ფერკმრთალი გახადა, ვიდრე ზოგადად მიჩვეული ვართ Versace-სგან. სტანდარტული და უკვე ბევრჯერ ნანახი გლამურის შემდეგ, Versace-ს განახლებული ხედვა, ნაკლები სიბრჭყვიალითა და ბზინვარებით, ახალი ჩასუნთქული ჰაერივით სჭირდებოდა როგორც ბრენდს, აგრეთვე მის გულშემატკივრებს.
მილანის მოდის კვირეულზე გამართულ Versace-ს ჩვენებას ესწრებოდა ბრენდის ორი გამორჩეული გულშემატკივარი საქართველოდან. თუ მოდის სიახლეებს ინსტაგრამიდანაც აქტიურად ადევნებთ თვალს და იტალიური მოდის სახლი თქვენი ერთ-ერთი რჩეულია, ალბათ, შემჩნეული გექნებათ გვერდები: Date With Versace და Versace World.
Date With Versace-ს და Versace World-ის ავტორები ქეთი გაგოშიძე და თემუკა დიასამიძე თითქმის ყოველდღიურად გვიზიარებენ როგორც სიახლეებს, აგრეთვე არქივულ ვიზუალურ მასალას Versace-ს მოდის სახლის შესახებ. ბევრი მიმდევარით და გამორჩეული კონტენტით, მათ იტალიური ბრენდის ყურადღებაც მიიქციეს და მილანში ბრენდის უახლესი კოლექციის ჩვენებაზე აღმოჩნდნენ. აღსანიშნავია, რომ ქეთი უკვე რამდენიმე სეზონია ბრენდის სტუმართა რიგებშია, თემუკასთვის კი, 2024 წლის გაზაფხული/ზაფხული პირველი განსაკუთრებული გამოცდილება იყო. „Versace’s World 2019 წლის ბოლოს შევქმენი. მას შემდეგ, რაც დონატელა ვერსაჩემ გვერდი გამოიწერა, ასმაგად გაიზარდა ინტერესი ჩემი ბლოგის მიმართ. ჩვენებამდე 4 საათით ადრე მომივიდა მეილი, რომ მიწვეული ვარ შოუზე, უმაგრესი შეგრძნება იყო.19 წლის ასაკში ეს ყველაფერი ჩემთვის წარმოუდგენლადაც კი ჟღერდა.“ – აღნიშნა თემუკა დიასამიძემ ჩვენთან საუბარში.