ახალი წელი გვიახლოვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოცემა TIME წლის შეჯამებას იწყებს და გასული პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვან პერსონებს ასახელებს. გამოცემის ერთ-ერთ რჩეულად იქცა BLACKPINK. კორეულმა K-POP ჯგუფმა ავტორიტეტული ჟურნალისაგან მიიღო სტატუსი – ENTERTAINER OF THE YEAR.
როგორც TIME-ის ავტორი BLACKPINK-ზე მომზადებულ ვრცელ სტატიაში აღნიშნავს, ჯგუფის ახალგაზრდა წევრები მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ქალებს შორის არიან. გამოცემამ შემაჯამებელი სერიის სპეციალური ნომრებისათვის გადაღებული ფოტოსესიაც გამოაქვეყნა.
BLACKPINK ოთხი წევრისაგან შედგება. 26 წლის ჯენი სეულში დაიბადა და მალევე მისი მშობლები ახალ ზელანდიაში გადავიდნენ, სადაც გაიზარდა. 25 წლის როუზი ოკლენდში დაიბადა და ავსტრალიაში, ქალაქ მელბურნში გაიზარდა. 25 წლის ლისა ტაილანდში გაიზარდა, ხოლო 27 წლის Jisoo სამხრეთ კორეის პატარა ქალაქში ცხოვრობდა. „ჩვენ ყველა სხვადასხვა კულტურიდან მოვდივართ” – აღნიშნავს როუზი TIME-თან ინტერვიუში და ამ განსხვავებას ჯგუფის უპირატესობას უწოდებს.
BLACKPINK 2016 წელს სამხრეთ კორეაში ჩამოყალიბდა და უმოკლეს დროში დიდ წარმატებას მიაღწია. K-POP -ის განსაკუთრებულ პოპულარობასთან ერთად, ჯგუფი და მათი თითოეული წევრი თანამედროვე პოპ-კულტურის მნიშვნელოვან წარმომადგენლებად იქცნენ. გარდა მუსიკალური სცენისა, BLACKPINK-ის წევრები მოდის სამყაროს რჩეულებადაც განიხილებიან.
2022 წელი BLACKPINK-სთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. აგვისტოში ჯგუფი MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოების სპეციალური სტუმარი იყო. BLACKPINK-მა ცერემონიაზე თავისი ჰიტი Pink Venom შეასრულა. ოქტომბერში ჯგუფმა მუსიკალური ტურნე დაიწყო, რომელიც ცხრა თვის განმავლობაში გაგრძელდება და მსოფლიო მასშტაბით 27 დიდ ქალაქს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე დაანონსებულ შოუებზე ბილეთები გამოცხადებიდან მალევე გაიყიდა და კონცერტებს ათი ათასობით მსმენელი დაესწრო.
2022 წელს BLACKPINK-მა რიგით მეორე სტუდიური ალბომი სახელწოდებით Born Pink გამოსცა, რომელმაც მალევე გაყიდვების რეკორდი მოხსნა.