დიზაინერმა ჯორჯო არმანიმ სუპერიახტის დიზაინი შექმნა. როგორც არმანიმ აღნიშნა, ზღვა და დიზაინი ყოველთვის მისი ორი დიდი გატაცება იყო. „ამ ახალი თანამშრომლობის ფარგლებში, მე გადმოვეცი ჩემი ხედვები, ზღვის სამყაროში ინტერიერის დეკორის შესახებ. აქაც – ისევე, როგორც მოდაში – ესთეტიკა და ფუნქციური დატვირთვა ბუნებრივ და ელეგანტურ სტილს ერთად ქმნის“ – განაცხადა დიზაინერმა.

პროექტის ფარგლებში, ჯორჯო არმანიმ კომპანია The Italian Sea Group-თან ითანამშრომლა, რომელიც გამორჩეული კონცეფციისა და დიზაინის ექსკლუზიურ სუპერიახტებს უშვებს. როგორც The Italian Sea Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯოვანი კოსტანტინომ განაცხადა, სუპერიახტა არაჩვეულებრივი კოლაბორაციის შედეგად შეიქმნა და იტალიური ხარისხისა და ღირებულებების ზუსტი გამოხატულებაა. კომპანიის განცხადებაში ჯორჯო არმანი მოხსენიებულია, როგორც „მუდმივი ელეგანტურობისა და დახვეწილობის სინონიმი“.

სუპერიახტის მშენებლობის პროექტი საწყის ეტაპზეა. კომპანიამ ამჯერად, მისი დიზაინის ამსახველი რენდერები გამოაქვეყნა. რენდერების მიხედვით, სუპერიახტა გააერთიანებს ლაუნჯებს, სპორტდარბაზს, სპას და სხვადასხვა ფუნქციურ სივრცეს. არმანისთან კოლაბორაციით შექმნილი სუპერიახტის ყიდვა მსურველს 2024 წელს შეეძლება.