
“შეგიძლიათ დაასახელოთ ჯონათან ანდერსონის გარდა სხვა დიზაინერი, რომელიც ნაკლები ძალისხმევით სხვებზე უფრო მეტს აკეთებს? ეჭვი გვეპარება შეძლოთ, რადგან ჯონათან ანდერსონმა ახალ შოუზე ლუევესთვის კიდევ ერთი თვალწარმტაცი, შესანიშნავი კოლექცია წარადგინა, რომელიც მან უბრალო, მინიმალისტური ელემენტებით შექმნა,” ნათქვამია WWD-ს სტატიაში ლუევეს ახალი კოლექციის შესახებ.
ეს ელემენტები, მინიმალისტური, თუმცა ძალიან კომპლექსური და დეტალებზე ორიენტირებულია. რა თქმა უნდა, როდესაც საუბარი ჯონათან ანდერსონზეა, ნაკლებს არც უნდა ველოდოთ. პრინტები ბუნდოვანი ფოტოებით, სრულად ბუმბულებისგან შექმნილი სვიტრები და შარვლები, უზარმაზარი ტყავის ჩანთები, შეუდარებელი სილუეტები და რა თქმა უნდა, დაუვიწყარი გარე-სამოსი.
გამოყენებულ მასალებში აღსანიშნავია უმაღლესი ხარისხის ტყავი, რომლისგანაც კოლექციაში შეიქმა როგორც აქსესუარები, ისევე სამოსი. ჯონათანმა შოუს შემდეგ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისთვის ტყავზე მუშაობა სასიამოვნო გამოცდილება გამოდგა. აქვე მან დაამატა, რომ აქსესუარებისთვის შთაგონება ლუევეს 1970-იანი წლების არქივები იყო. “როდესაც ლუევეში პირველად მოვედი, წარსულში ყველა კარი დავხურე და ბრენდისთვის ახალი მომავლის შექმნა დავიწყე. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ტყავზე ბრენდის ისტორიის ჭრილში ვიმუშავე, რადგან LOEWE თავდაპირველად სწორედ ტყავის ნაწარმის კომპანია იყო. ჩემთვის მოდაში ეს იდეა საკმაოდ მიმზიდველია, რომ ყველაფერი შენს ხელშია, შეგიძლია იდეები გადაათამაშო, თავიდან გამოიგონო.”
1846 წელს დაარსებული LOEWE-ს ისტორიული მნიშვნელობის შთაგონებით შეირჩა ჩვენების ლოკაციაც, რომელიც პარიზიდან მოშორებით, Château de Vincennes-ში ჩატარდა. თუმცა, მე-14 საუკუნის ციხესიმაგრეში შესულ სტუმრებს პოდიუმი უჩვეულოდ გაფორმებული დახვდათ – უშუალოდ ჩვენება თეთრი “ყუთის” შიგნით ჩატარდა. კულისებში ჩვენებამდე, ყავის დალევისას, ჯონათანი ჟურნალისტებს ესაუბრა, “შემოდიხარ მე-14 საუკუნის სასახლეში და უცებ ხვდები ცარიელ თეთრ “ყუთში”, სამოსის ასე წარმოდგენაში რაღაც სხვანაირი მუხტია, იძულებული ხარ სამოსს უყურო და სხვა რაღაცებზე არ გადაგავთ ყურება.” ჯონათან ანდერსონი ნამდვილად ის დიზაინერია, რომელიც “ყუთს გარეთ აზროვნებს”.
ჩვენების სრული ჩანაწერი:























