2022 წელს ქართულ ლიტერატურულ სივრცეში ახალი გამომცემლობა, სახელწოდებით „პოლინომიალი“ გაჩნდა და  ჯოან დიდიონის „ჯადოსნური ფიქრის წელიწადი“ გამოსცა. მკითხველისათვის ავტორი თავისი ლიტერატურული სტილით არის საინტერესო, თუმცა მსოფლიო პოპ-კულტურის უახლეს ისტორიაში, ჯოან დიდიონი გაცილებით დიდი ფიგურაა, ვიდრე სახელგანთქმული ავტორი. ის არის პერსონა, რომელმაც თავისი სტილით და იმიჯით საკუთარი ხასიათი გამოკვეთა, მოდის სამყაროში გამორჩეული ადგილი დაიმკვიდრა და ინდუსტრიის არაერთი პროფესიონალის შთაგონებადაც იქცა. 

ჯოან დიდიონი

როგორც New York Times აღწერს, დიდიონი არის ავტორი, რომელიც კულტურას და ქაოსს იკვლევდა. წლების განმავლობაში  ჯოან დიდიონი სტერეოტიპული საზოგადოებისათვის ერთგვარ ამოუხსნელ ფენომენადაც რჩებოდა –  ის იყო ინტელექტუალი ქალი, რომელიც დიდ ყურადღებას უთმობდა სამოსს, უყვარდა ძვირადღირებული ნივთები და მათი მეშვეობით ყოველთვის ხაზს უსვამდა თავის სტატუსს.

ჯოან დიდიონი 1934 წელს საკრამენტოში, კალიფორნიაში დაიბადა. მან საკუთარი განათლება ინგლისური ლიტერატურის შესწავლას დაუკავშირა. 1956 წელს Vogue-ის სარედაქციო გუნდს შეუერთდა. მოდის ბიბლიად წოდებულ გამოცემაში ჯოანმა 1964 წლამდე იმუშავა. 

ჯოან დიდიონი

დიდიონმა მოდის სამყაროში იმდენად დიდი გავლენა მოიპოვა, რომ გასცდა ავტორის სტატუსს და 1989 წელს Gap-ის, ხოლო 2015 წელს უკვე მაღალი მოდის ბრენდის – Celine-ის კამპანიაში მიიღო მონაწილეობა.  ამ დროს ბრენდის შემოქმედებითი ხელმძღვანელი ფიბი ფაილო იყო, რომელმაც 80 წლის დიდიონი გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის სახედ აირჩია. ფოტოსესია ავტორის სახლში, გაიმართა. გადაღებას მხოლოდ ფიბი ფაილო და მოდის საკულტო ფოტოგრაფი იურგენ ტელერი ესწრებოდნენ. კამპანია სიურპრიზი აღმოჩნდა არა მხოლოდ მოდის ინდუსტრიისათვის და ავტორის შემოქმედების მოყვარულთათვის, არამედ – ოჯახის წევრებისათვისაც.

ჯოან დიდიონი/Celine

გაირკვა, რომ ჯოანის  სურვილის მიხედვით, პროექტი განსაკუთრებით კონფიდენციალური იყო.  მიუხედავად პროვოკაციული გადაწყვეტილებისა, კამპანია ყველამ კარგად მიიღო, მათ შორის მოდის სამყაროს ყველაზე ცინიკოსმა შემფასებლებმაც. 

ჯოან დიდიონი 2021 წელს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც Vogue-მა შეაფასა ის იყო პერსონა, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე სტილის განმსაზღვრელად დარჩა.