ჯიჯი ჰადიდი, რომელიც წარმოშობით პალესტინელია, ისრაელის საწინააღმდეგო პოსტის გამო გააკრიტიკეს, რის შემდეგაც მოდელმა სოციალურ ქსელში ბოდიში მოიხადა. თავდაპირველ პოსტში ჰადიდმა ისრაელზე დაწერა, რომ ეს არის მსოფლიოში ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც ბავშვები ჰყავს ტყვედ. ჰადიდმა რამდენიმე პალესტინელი მოზარდის მაგალითი მოიყვანა, რომლებიც ისრაელის პოლიციამ დააპატიმრა.
ამ პოსტით მოდელმა დიდი კრიტიკა გამოიწვია – ის სიცრუის გავრცელებასა და ანტისემიტიზმში დაადანაშაულეს, რის შემდეგაც ჯიჯიმ პოსტი წაშალა. ჰადიდს შეახსენეს, რომ დაკავებულმა პალესტინელმა მოზარდებმა ტერორისტული აქტი ჩაიდინეს და მათი დანაშაული შესაბამისი სამხილებით იყო დადასტურებული.
მეორე პოსტში ჰადიდმა განმარტა, რომ მას მხოლოდ პალესტინელი ბავშვების უფლებების დაცვის შესახებ სურდა ყურადღების გამახვილება და ბოდიშს იხდიდა, რადგან არასწორი მაგალითი მოიყვანა.
“მსურს გავიმეორო, რომ ნებისმიერ ადამიანზე თავდასხმა, მათ შორის ცხადია ებრაელებზე, ყოველთვის მიუღებელია. უდანაშაულო ადამიანების მძევლად აყვანა ყოველთვის არასწორია. ვინმესთვის ზიანის მიყენება იმის გამო, რომ ისინი ებრაელები არიან, მიუღებელია. ეს არასწორია.“ – განაცხადა ჰადიდმა.