მოდაში კემპის მეფედ აღიარებულმა ჯერემი სკოტმა ცოტა ხნის წინ იტალიური ბრენდი მოსკინო დატოვა. 10 წლის განმავლობაში, კანზასელ დიზაინერს მოდის სამყარო და მისი მოყვარულები ირონიული კოლექციების მოლოდინში ჰყავდა. მაკდონალდსიდან, სპანჯბობამდე და ბარბის სამყარომდე, ჯერემის კოლექციები საინტერესო და უჩვეულო კოლაბორაციებით საკმაოდ დასამახსოვრებელია.

გთავაზობთ მოკინოს 10 დასამახსოვრებელ ჩვენებას ჯერემი სკოტის მოღვაწეობიდან:

შემოდგომა/ზამთარი 2014

ჯერმის სადებიუტო კოლექცია მოსკინოში 2013 წელს, 2014 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე შედგა. პირველივე კოლექციაზე, მილანის შუაგულში, იტალიური მემკვიდრეობითი სახლის პოდიუმზე ჯერემიმ სპანჯ ბობი, ბუდვაიზერი და მაკდონალდსი გამოიტანა.

გაზაფხული/ზაფხული 2015

გრეტა გერვიგის “ბარბიმდე” და ბარბიქორის აქტუალობამდე თითქმის 10 წლით ადრე, ჯერემის პოდიუმზე ბარბის სამოსში გამოწყობილი ქერათმიანი მოდელები “დასრიალებდნენ”. ჯერ კიდევ მაშინ, ბარბიქორის სამოსით ისეთი ვარსკვლავები იმოსებოდნენ, როგორებიცაა პერის ჰილტონი.

გაზაფხული/ზაფხული 2020

შესაძლოა იფიქროთ, რომ ეს გიტარებითა და ჩელოებით გაფორმებული კოლექცია მუსიკალური სამყაროთი იყო შთაგონებული, თუმცა ჯერემის ინსპირაცია ესპანელი მხატვრის, პაბლო პიკასოს ნამუშევრები გახდა.

შემოდგომა/ზამთარი 2020

Let Them Eat Cake! მარია ანტუანეტა ნამდვილად იამაყებდა ამ კოლექციით. ფუმფულა ვარცხნილობები, კორსეტები და უზარმაზარი ქვედაბოლოები – ჯერემი სკოტმა ამ კოლექციით მე-18 საუკუნის საფრანგეთი პოდიუმზე გააცოცხლა.

გაზაფხული/ზაფხული 2021

კოვიდ-პანდემიის დროს, როდესაც ჩვენებები ვირტუალურ რეჟიმში იმართებოდა, ჯერემიმ, როგორც ყოველთვის, ჩვენების გამართვის ორიგინალურ ხერხს მიმართა და სამოსი პოდიუმზე თოჯინების მეშვეობით წარადგინა. ჩვენების სტუმრებიც თოჯინები იყვნენ.

შემოდგომა/ზამთარი 2023

როდესაც გასულ სეზონზე პუბლიკამ მოსკინოს ახალი კოლექცია იხილა, სკოტის წასვლის შესახებ ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი. დიზაინერის ბოლო კოლექცია ჯერემისთვის დამახასიათებელი მეამბოხე სულით იყო გაჟღენთილი, რომელიც შანელის ტვიდისა და ვივიენ ვესტვუდის პანკის ერთგვარ ქროსოვერად იქცა.