ნიკოლა დი ფელიჩე მორიგი დიზაინერია, რომელიც Jean Paul Gaultier-ის მოდის სახლის კოდებს თავისი ხედვით შემოგვთავაზებს. Courrèges-ის კრეატიული დირექტორი ფრანგული ბრენდისთვის შექმნილ თავის კოლექციას ივნისის ბოლოს, პარიზის ოტ კუტიურ მოდის კვირეულის ფარგლებში წარადგენს.
“ნიკოლას სითამამე და კრეატიულობა მისი კარიერის საწყის ეტაპზევე აღმოვაჩინე,” – განუცხადა ჟან პოლ გოტიემ WWD-ს. “მისი არჩევა იდეალურ შესაძლებლობას იძლევა იმის დანახვის, თუ რისი შემატება შეუძლია დიზაინერს ჩემი სტილისთვის.”
2020 წლის იანვარში ლეგენდარულმა გოტიემ მოდის ინდუსტრიაში 50 წლიანი კარიერა თავისი ბოლო კოლექციის ჩვენების გამართვით დაასრულა. ლეგენდარული ფრანგი დიზაინერის მოდიდან წასვლის მიუხედავად, ბრენდმა Jean Paul Gaultier-მ არსებობა განაგრძო და მისმა დამაარსებელმა შემოქმედებითი სადავეები სხვა დიზაინერებს გადააბარა. ყოველ სეზონზე მისთვის ოტ კუტიურ კოლექციებს სხვადასხვა მნიშვნელოვანი დიზაინერი ქმნის. პირველად Sacai-ის ჩიტოსე აბეს თვალით დანახული Jean Paul Gaultier ვიხილეთ, შემდეგ იყვნენ: Y/Project-ის გლენ მარტენსი, Balmain-ის ოლივიე რუსტენი, ჰაიდერ აკერმანი, Paco Rabanne-ს ჯულიენ დოსენა, ბოლოს კი სიმონ როშა. ნიკოლა მეშვიდე დიზაინერია, რომელსაც Jean Paul Gaultier-ისთვის ოტ კუტიურ კოლექციის შექმნის პატივი ხვდა წილად.
ბელგიელმა დიზაინერმა ბრიუსელში La Cambre-ს სასწავლებელი დაამთავრა. მას სამუშაო გამოცდილება მიღებული აქვს Dior-ში, რაფ სიმონსის კრეატიული დირექტორობის დროს და ნიკოლა ჟესკიერთან როგორც Balenciaga-ში, ისე Louis Vuitton-ში. ნიკოლა Courrèges-ის კრეატიული დირექტორის პოზიციას 2020 წლიდან იკავებს.