რამდენიმე დღის შემდეგ, რაც სიმონ როშამ ლონდონის მოდის კვირეულის ფარგლებში თავისი ახალი კოლექცია წარადგინა, ცნობილი გახდა, რომ ის Jean Paul Gaultier-ს მომდევნო მიწვეული დიზაინერია.
“გილოცავ და შენს მომდევნო ჩვენებაზე შევხვდებით … პარიზში!!!” – წერია ბარათზე, რომელიც ჩვენების შემდეგ გოტიემ როშას ყვავილებთან ერთად გაუგზავნა და რომლის ფოტოც მან თავის ინსტაგრამ პროფილზე გამოაქვეყნა.
როშა მეექვსე დიზაინერია, რომელსაც Jean Paul Gaultier-ისთვის ოტ კუტიურ კოლექციის შექმნის პატივი ხვდა წილად.

სიმონ როშა © Linda Brownlee/The Observer
2020 წლის იანვარში ლეგენდარულმა ჟან პოლ გოტიემ მოდის ინდუსტრიაში 50 წლიანი კარიერა თავისი ბოლო კოლექციის ჩვენების გამართვით დაასრულა. ლეგენდარული ფრანგი დიზაინერის მოდიდან წასვლის მიუხედავად, ბრენდმა Jean Paul Gaultier-მ არსებობა განაგრძო და მისმა დამაარსებელმა შემოქმედებითი სადავეები სხვა დიზაინერებს გადააბარა. ყოველ სეზონზე მისთვის ოტ კუტიურ კოლექციებს სხვადასხვა მნიშვნელოვანი დიზაინერი ქმნის. პირველად Sacai-ის ჩიტოსე აბეს თვალით დანახული Jean Paul Gaultier ვიხილეთ, შემდეგ იყვნენ: Y/Project-ის გლენ მარტენსი, Balmain-ის ოლივიე რუსტენი, ჰაიდერ აკერმანი, ბოლოს კი Paco Rabanne-ს ჯულიენ დოსენა.
რომანტიკული შემოქმედებით ცნობილი ირლანდიელი დიზაინერის ფრანგული მოდის სახლისთვის შექმნილი ოტ კუტიურ კოლექციის ჩვენება იანვარში გაიმართება.