დღეს ცნობილი გახდა, რომ შემდეგი სეზონისთვის Jean Paul Gaultier-ისთვის ოტ კუტიურ კოლექციის შექმნის პატივი Paco Rabbane-ს კრეატიულ დირექტორ ჯულიენ დოსენას ხვდა წილად.

“ჯულიენს რეინტერპრეტაციის განსაკუთრებული უნარი აქვს და მოუთმენლად ველი ვნახო თუ როგორ ითამაშებს ჩემი კოდებით,” – აღნიშნავს გოტიე WWD-სთან ინტერვიუში. “Paco Rabbane-ის მემკვიდრეობა უკიდურესად მდიდარია, ჯულიენმა კი იცის თუ როგორ გამოავლინოს ეს ძალა თავის კოლექციებში.”

ჯულიენი Paco Rabanne-ს უკვე 10 წელია შემოქმედებითად ხელმძღვანელობს და ისტორიულ მოდის სახლს თავისი გამორჩეული ხედვის დამსახურებით აქტუალურობას უნარჩუნებს. ის მეხუთე მიწვეული დიზაინერია, რომელიც Jean Paul Gaultier-ისთვის ოტ კუტიურ კოლექციას შექმნის. ასევე უნდა ითქვას, რომ ფრანგი დიზაინერი არის პირველი Puig-იდან, რომელიც ფლობს როგორც Paco Rabanne-ს, ისე Jean Paul Gaultier-ს. კოლექცია სწორედ ამ ორი მოდის სახლის კრეატიულ დეენემს გააერთიანებს.

2020 წლის იანვარში ჟან პოლ გოტიემ მოდის ინდუსტრიაში 50 წლიანი კარიერა თავისი ბოლო კოლექციის ჩვენების გამართვით დაასრულა. ლეგენდარული ფრანგი დიზაინერის მოდიდან წასვლის მიუხედავად, ბრენდმა Jean Paul Gaultier-მ არსებობა განაგრძო და მისმა დამაარსებელმა შემოქმედებითი სადავეები სხვა დიზაინერებს გადააბარა. ყოველ სეზონზე მისთვის ოტ კუტიურ კოლექციებს სხვადასხვა მნიშვნელოვანი დიზაინერი ქმნის. პირველად Sacai-ის ჩიტოსე აბეს თვალით დანახული Jean Paul Gaultier ვიხილეთ, შემდეგ იყვნენ: Y/Project-ის გლენ მარტენსი, Balmain-ის ოლივიე რუსტენი და ჰაიდერ აკერმანი. ჯულიენის შექმნილი ოტ კუტიურ კოლექციის ჩვენება კი 2023 წლის ივლისში გაიმართება.