2020 წლის იანვარში ჟან პოლ გოტიემ თავისი სახელობის ბრენდისთვის უკანსკნელი შოუ გამართა. ეს იყო მოდის ინდუსტრიაში 50 წლიანი კარიერის ტრიუმფალური დასასრული. ლეგენდარული ფრანგი დიზაინერის მოდიდან წასვლის მიუხედავად, ბრენდმა Jean Paul Gaultier-მ არსებობა განაგრძო და მისმა დამაარსებელმა შემოქმედებითი სადავეები სხვა დიზაინერებს გადააბარა.
გოტიეს მოდის სახლმა უნიკალური მიდგომით დაიწყო ფუნქციონირება, რაც იმას გულისხმობს, რომ ყოველ სეზონზე მისთვის ოტ კუტიურ კოლექციებს სხვადასხვა მნიშვნელოვანი დიზაინერი ქმნის. პირველად ეს საპატიო პასუხისმგებლობა Sacai-ის Chitose Abe-ს დაეკისრა, შემდეგ – Y/Project-ის Glenn Martens-ს, ბოლოს კი Balmain-ის Olivier Rousteing-მა შექმნა ჟან პოლ გოტიეს ბრენდისთვის კოლექცია.

დღეს ცნობილი გახდა შემდეგი მიწვეული დიზაინერის ვინაობა. WWD-ს გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2023 წლის იანვარში, პარიზის ოტ კუტიურ მოდის კვირეულის ფარგლებში Jean Paul Gaultier-ისთვის შექმნილ Haider Ackermann-ის კოლექციას ვიხილავთ.

Haider Ackermann შემოდგომა/ზამთარი 2020 © Carlo Scarpato/Imaxtree.com
“თუ მოდას თვალს ადევნებ, მაშინ ჟან პოლ გოტიეც არ დაგრჩება ყურადღების მიღმა. მისი მუდმივად პროგრესული და ავანგარდული შემოქმედება ჩემგან უდიდეს პატივისცემას იმსახურებს,” – ამბობს აკერმანი. “ოტ კუტიურზე მუშაობაზე ყოველთვის ვოცნებობდი, ახლა კი Jean Paul Gaultier-ის ოტ კუტიურ სახლში სტუმრად ყოფნა, ჩემთვის უზომო პატივია.”
როგორც თავად ჟან პოლმა აღნიშნა, მას ყოველთვის მოსწონდა ჰაიდერის შემოქმედება და ერთი სული აქვს თუ როდის იხილავს თავისი ბრენდისთვის შექმნილ მის ნამუშევრებს. “დარწმუნებული ვარ, რომ მისი კუტიური გასაოცარი იქნება,” – აღნიშნა მან.
აღსანიშნავია, რომ ეს ასევე იქნება პირველი კოლექცია, რომელსაც ორი წლის შემდეგ ჰაიდერისგან ვნახავთ. დიზაინერმა თავისი სახელობის ბრენდისთვის ბოლო ჩვენება 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე გამართა.