2009 წელს საკუთარი ბრენდის დაარსებიდან მოყოლებული, სიმონ პორტე ჟაკმუსი საკუთარ მზიან სამყაროს გვიზიარებს. გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებული დიზაინერი ჩვენებებს ზღაპრულ გარემოში ხან მშობლიურ პროვანსში მდებარე ლავანდის მინდვრებში, ხან კი ვერსალის ტბაზე, ნავებით მართავს. მომდევნო ჩვენებას “La Casa”-ს, რომელიც ბრენდის 15 წლიანი ისტორიის აღსანიშნავი იქნება, ჟაკმუსი კაპრიზე, 10 ივნისს გამართავს. ამ ზღაპრული სამყაროს ახალი სათაო ოფისი პარიზში, მონსოს პარკთან ახლოსაა განთავსებული.

ოფისების ინტერიერზე დიზაინერმა ორ სააგენტოსთან, OMA-სა და Unispace-სთან ერთად იმუშავა. “არქიტექტურა და ინტერიერი, მოდის შემდეგ, ჩემი პირველი ინტერესის სფეროა. დღეებს ვატარებ დიზაინისა და დეკორის ყურებაში,” უზიარებს სიმონი ფრანგულ ვოგს ოფისების ტურის დროს. 7 სართულზე განთავსებულია დიზაინ სტუდია, მოდის სახლის სხვადასხვა ცენტრი, სალონი, შოურუმი, მოსაზომი ოთახები (სადაც მიროს სკულპტურას შეხვდებით) და კაფე, რომელიც ჟაკმუსის გუნდს სალათებით, ახლად-დაწურული წვენებითა და მატჩათი უმასპინძლდება. ლობი ფუტურისტული ფილმის გადასაღებ მოედანს წააგავს, რომლის შესასვლელშიც ორი თანამშრომელი ოვალური კაფსულიდან ეგებება სტუმრებს. მოსაცდელ ოთახში მანდარინის ხე დაგხვდებათ, ხოლო შემოქმედის ოფისში მისაღწევად არისტიდ მაიოლის სკულპტურების რიგს უნდა ჩაუაროთ.

ბოლო სართულზე, უპირველესად სინათლისა და სიჩუმის განცდა გვეუფლება. ქვის იატაკიდან ყურადღების გადატანის შემდეგ, ყურადღების ცენტრში სერაფინა ლუის ბუკოლიკური ტილო ექცევა. პროვანსული ავეჯი ჰარმონიულად ერწყმის „ჩუმ“  კედლებს, რომელთა შორის, ამაყად დგას პიერ პოლინის „მისისიპი“ დივანი, რომელიც სიმონ პორტეს პირველი დიდი შენაძენი იყო, „ჟაკმუსის“  დაარსების შემდეგ. „ეს სივრცე შემთან და ბრენდთან ერთად იზრდება, ის ასახავს ჩემი პირადი ესთეტიკის ევოლუციას. ყოველი ნივთი, რომელსაც აქ ხედავთ, ჩემი პირადი არჩევანია,“- ამბობს სიმონი.

ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებები სიმონის მუშაობის პროცესის ნაწილი პირველივე დღიდან იყო. „ეს დიალოგის ნაწილია,“  აღნიშნავს იგი, „ჩემს ატელიეებში ყოველთვის ვაგზავნი რეფერენსულ ხელოვნების ნიმუშებს. პროვანსში გამართული ჩვენებისთვის თანამშრომლებს დევიდ ჰოკნის ნამუშევრები გავუზიარე.“  სიმონისთვის კინემატოგრაფიც დიდ როლს თამაშობს, მათ შორის ჟაკ დერეი და ჟან ლუკ გოდარი, La Piscine-ისა და Le Mépris-ის ესთეტიკის პოვნა დიზაინერის კარიერის განმავლობაში შეუიარაღებელი თვალითაა შესაძლებელი.