ჟაკქომუსს თავისი ბრენდისთვის მესამე კოლექცია ჰქონდა შექმნილი, როდესაც მისით რეი კავაკუბო დაინტერესდა. რეიმ თვითნასწავლი დიზაინერის კოლექცია ტოკიოში, შოურუმში ნახა. სიმონს მაშინ იმდენად უჭირდა, რომ ვერ შეძლო იქ ყოფილიყო და იმ მომენტის მომსწრე თავადაც გამხდარიყო, როდესაც ლეგენდარულმა დიზაინერმა მასზე თქვა, რომ თუ 21 წლის ასაკში ასეთი ზუსტი კოლექციის გაკეთება შეუძლია, მაშინ უკიდურესად ძლიერი დიზაინერი იქნებოდა. მაშინ სიმონმა არ იცოდა რეი ვინ იყო. როცა მის გაკეთებულ კომენტარებზე შეიტყო დაგუგლა და აღმოაჩინა, რომ ეს დიზაინერი კომ დე გაღსონის მიღმა იდგა, ამ ბრენდზე კი მას ნამდვილად სმენოდა. შემდეგ რეის ქმარს, ადრიან ჯოფს შეხვდა, რომელსაც სამსახური სთხოვა, რადგან უსახსრობის გამო ვეღარ გააგრძელებდა კოლექციების შექმნას. ადრიანმა თავიდან უარი უთხრა გაყიდვების ასისტენტის პოზიციაზე, რადგან არტისტისთვის შეუფერებელ სამუშაოდ ჩათვალა, მაგრამ სიმონის დაჟინებული თხოვნით დათანხმდა. ორი წლის განმავლობაში ადრიანი აკვირდებოდა სიმონს, რომელიც კოლექციებზე ღამე მუშაობდა. შემდეგ ჟაკქომუსის სამოსის შეკვეთა ადრიანმა ლონდონის Dover Street Market-ისთვის დაიწყო, რომელშიც წარმატებით იყიდებოდა. ასე შეძლო სიმონმა ასეთ კონკურენტულ ინდუსტრიაში მნიშვნელოვნად შეღწევა. 2014 და 2015 წლებში LVMH Prize-ს ფინალისტებს შორის მოხვედრის შემდეგ კი აქტიურად დაიწყეს საუბარი ახალგაზრდა დიზაინერზე საფრანგეთის სამხეთ ნაწილში მდებარე პროვინციიდან და მის დიდ მომავალზე მოდაში.
„მე უბრალოდ ტანსაცმელს არ ვქმნი, ისტორიას ვწერ და შემდეგ ის ტანსაცმლის სახეს იღებს.“ – სიმონ პორტე ჟაკქომუსი
ჟაკქომუსის კოლექციაში ვკითხულობთ ფერმერების ოჯახში დაბადებული 29 წლის დიზაინერის პატარა სოფელში გატარებულ ბავშვობაზე, ფილმებზე, რომლებიც შთააგონებენ (ამ სეზონზე Mon Oncle და Les Demoiselles de Rochefort) და სურვილზე მიაგნოს სრულყოფილ ბალანსს სენსუალურსა და „რაღაც უფრო კონცეპტუალურს“ შორის.
2019 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენების სივრცე თავის მშობლიურ ადგილს იყო მიმსგავსებული. ამ მსგავსებას კიდევ უფრო რეალისტურს ხდიდა ფანჯრებიდან გამოფენილი სარეცხი.
სარეცხის იდეამ საყურეების ფორმაც მიიღო, რომლებიც პოდიუმზე მოდელებმა წარადგინეს. აქსესუარების სახე მისცა მინაში მოქცეულ საკუთარ და თავისი დედის ფოტოებსაც.
სიმონის შოუებს განსაკუთრებით სასიამოვნოს კოლექციაში გამოყენებული ფერები და ის ორგანული ქასთი ხდის, რომელიც ასე ერგება მის ხედვას. ჟაკქომუსი გაცდა La Bomba-ს სექსუალურ და სენსუალურ ესთეტიკას და 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე უფრო ფორმალური სახე მიიღო.
„არ მინდა ჩემგან ხალხი მხოლოდ სენსუალურობას ელოდებოდეს, ბევრად მეტი მაქვს სათქმელი.“
მნიშვნელოვანი შენიშვნა: ჟაკქომუსის პატარა ჩანთები კიდევ უფრო დაპატარავდა.