იზაბელა ბლოუს სახელობის პრესტიჟული ჯილდოს მორიგი მფლობელის ვინაობა ცნობილია. წელს ის ლონდონში დაბადებულ ფოტოგრაფს და რეჟისორს, Nii Journal-ისა და Nii Agency-ის დამფუძნებელ ქემპბელ ედის გადაეცემა.

კულტურის, ხელოვნებისა და მოდის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ბრიტანეთის მოდის საბჭო Isabella Blow Award-ის მფლობელს ყოველწლიურად ავლენს. გასულ წლებში ჯილდო მიღებული აქვთ: ქეითი გრანდს, ამანდა ჰარლეკს, ედვარდ ენინფულს, ნიკ ნაითს, იბრაჰიმ ქამარას, სემ მაკნაითს, მერთს & მარკუსს და პეტ მაკგრათს.

“თავისი პროგრესული და უშიშარი შემოქმედების დამსახურებით, ედიმ ინდუსტრიაში სილამაზისა და სტილის აღქმა ხელახლა განსაზღვრა და წინა პლანზე მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა დააყენა,” – განაცხადა ბრიტანული მოდის საბჭოს მთავარმა აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ქეროლაინ რაშმა 2023 წლის გამარჯვებულზე საუბრისას.

ქემპბელის კარიერა აქტიურ ფაზაში 2016 წლიდან შევიდა მას შემდეგ, რაც სწავლა Central Saint Martins-ის ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯში დაასრულა. იმ გამოცემებს შორის, რომლებთანაც უთანამშრომლია ისეთ სახელებს ვხვდებით, როგორებიცაა: Vogue, TIME, Wall Street Journal Magazine, Financia Times, Rolling Stone Magazine, i-D და Dazed, რომელმაც 2017 წელს არტისტი მომენტის 100 ამომავალ ვარსკვლავს შორის დაასახელა. 2018 და 2019 წლებში, როგორც ახალი თაობის შემოქმედებითმა ტალანტმა აღიარება მოიპოვა ბრიტანული მოდის დაჯილდოებაზე, 2021 წელს კი Forbes 30 under 30 სიაში მოხვდა.

მოდის დაჯილდოება, რომელზეც ქემპბელი საპატიო ჯილდოს მიიღებს, 4 დეკემბერს ლონდონში, როიალ ალბერტ ჰოლში გაიმართება.