2024 წლის 29 აპრილს პრინცი უილიამისა და ქეით მიდლტონის ქორწილიდან 13 წელი გავიდა, რის აღსანიშნავადაც წყვილმა მათი ქორწილის აქამდე გამოუქვეყნებელი ფოტო გაგვიზიარა.
ფოტო, რომლის ავტორიც მილი პილკინგტონია, ბუკინგემის სასახლეშია გადაღებული, ვესტმინსტერის სააბატოში გამართული ჯვრისწერის შემდეგ. ქეით მიდლტონს სარა ბარტონის მიერ შექმნილი Alexander McQueen-ის საქორწილო კაბა და Cartier-ს გვირგვინი ამშვენებს. “13 წლის წინ ამ დღეს!”, ნათქვამია ფოტო-პოსტის აღწერაში.
მიუხედავად იმისა, რომ სამეფო ქორწილის ოფიციალური ფოტოგრაფი ჰუგო ბერნარდი იყო, პილკინტონის დაქირავება უილიამისა და ქეითის პირადი გადაწყვეტილება იყო და მან წყვილის “პირადი კოლექციის” ფოტოები გადაიღო. როგორც ჩანს, აღნიშნული შავ-თეთრი პორტრეტი პირადი ფოტოკოლექციის ნაწილია.
შეგახსენებთ, რომ მარტში ქეით მიდლტონმა სოციალური ქსელების გამომწერებს ვიდეომიმართვის მეშვეობით აცნობა კიბოს დიაგნოზის შესახებ, მას შემდეგ რაც ინტერნეტში არ წყდებოდა სპეკულაცია მისი “გაუჩინარების” შესახებ. უელსის პრინცესა 2023 წლის საშობაო ცერემონიების შემდეგ საჯარო გამოჩენებისგან თავს იკავებს და ქიმიოთერაპიას გადის.
ინსტაგრამსა და X-ზე (Twitter) პორტრეტის გამოქვეყნებას უამრავი კომენტარი მოჰყვა, რომლებშიც სამეფო ოჯახის ქომაგები ქეითს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებენ.