პირველ რიგში, რა უნდა იცოდეთ Netflix-ის ახალი მინი-სერიალის, „Inventing Anna“-ს შესახებ? ფაქტი, რომელიც თავს ყოველი ეპიზოდის დასაწყისში შეგახსენებთ: „მთელი ეს ისტორია სრულიად ნამდვილია, გარდა იმ ნაწილებისა, რომლებიც მთლიანად გამოგონილია“
Netflix-ზე შონდა რაიმსის მორიგი ნამუშევრის პრემიერა 11 თებერვალს შედგა. „Inventing Anna“ ნიუ-იორკში ჩასული რუსი თაღლითის, ანა სოროკინის, რეალურ ამბავს მოგვითხრობს, რომელმაც გავლენიან საზოგადოებას თავი ანა დელვიდ წარუდგინა და დააჯერა, რომ მდიდარი გერმანული ოჯახიდან იყო.
ანა დელვის ამერიკული ოცნებით ცხოვრება ნიუ-იორკის ელიტურ საზოგადოებაში გარევას, მდიდარ და გავლენიან პიროვნებებთან ერთად წვეულებებზე ყოფნას, ხუთ-ვარსკვლავიან სასტუმროებში დარჩენას, ქალაქის ყველაზე მდიდრულ რესტორნებში სადილობას და სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობას გულისხმობდა. ამ ყველაფერს ის 2013-დან 2017 წლამდე თაღლითობის ხარჯზე ახერხებდა.
ანას სურდა კერძო სახელოვნებო კლუბი – Anna Delvey Foundation დაეარსებინა და მიუხედავად იმისა, რომ ის თავის მიზანთან ძალიან ახლოს აღმოჩნდა, დელვის რეალურ ცხოვრებაში გამოგონილმა პერსონაჟმა მასთან ბოლომდე მისვლა ვერ შეძლო. მაგრამ ეს პერსონაჟი არსებობას კვლავ განაგრძობს და მას ახლა იმაზე აქტიურად განიხილავენ, ვიდრე მაშინ, როდესაც ოთხი წლის წინ ჯესიკა პრესლერის გახმაურებული სტატია – „შესაძლოა მას იმდენი ფული ჰქონდა, რომ უბრალოდ მისი კვალი დაკარგა“ გამოქვეყნდა.
„ანა ნიუ-იორკის სულს უყურებდა და შენიშნა, რომ თუ ხალხს ყურადღებას ბზინავი საგნებით, ფულის დიდი შეკვრებით, სიმდიდრის ნიშნებით გაუფანტავ, თუ მათ ფულს აჩვენებ, ისინი სხვა ვეღარაფრის დანახვას შეძლებენ. და საქმე იმაშია, რომ: ეს ძალიან მარტივი იყო,“ – წერს ჯესიკა აღნიშნულ სტატიაში, რომელიც Netflix-ის პროექტს დაედო საფუძვლად.

Julia Garner / Anna Delvey © BuzzFeed
სერიალში ანას როლს „ემის“ მფლობელი ამერიკელი მსახიობი ჯულია გარნერი ასრულებს. მისი სტილის შექმნაზე კოსტიუმების დიზაინერებმა ლინ პაოლომ და ლორა ფრეკონმა იმუშავეს.
„ეს საკმაოდ რთული ამოცანა აღმოჩნდა–გუგლს ვიყენებდით და მის ფოტოებზე მონიშნულ მეგობრებს ვათვალიერებდით–შემდეგ კი ვცდილობდით, რომ მისთვის კოსტიუმების საუკეთესო ვარიანტები შეგვერჩია,“ ამბობს Vogue-თან საუბრისას ფრეკონი. „ჩვენ ის პატარა შავი ‘ბომბერ’ ქურთუკიც კი შევქმენით, რომელიც სტატიაში იყო ნახსენები და ანას ინსტაგრამზე განთავსებულ ბევრ ფოტოშიც შეგვხვდა.“
ალექსანდრ მაკქუინი, დიორი, ოსკარ დე ლა რენტა, შანელი, ჟივანში, პრადა, გუჩი, სელინი, ვალენტინო – იმ ბრენდების არასრული ჩამონათვალია, რომლებშიც ანა დელვის პერსონაჟი თავს სრულყოფილად წარმოაჩენს.
„მისი სტილი უფრო მკაცრი და კონსერვატული ხდება, რათა ბიზნეს სამყაროში სერიოზულად აღიქვან,” – აღნიშნავს პაოლო.
ჯულია გარნერი, როგორც ანა დელვი







© Netflix
Inventing Anna – ოფიციალური ტრეილერი