სამხრეთ კორეელი მუსიკოსების პოპულარობა ჯერ-ჯერობით არ იკლებს, მეტიც, მათი გავლენა სულ უფრო და უფრო იზრდება. Versace გახდა მორიგი ევროპული მოდის სახლი, რომელმაც კეი-პოპ ვარსკვლავი დაასახელა გლობალურ ამბასადორად.
Stray Kids-ის Hyunjin-ისა და ვერსაჩეს შორის თანამშრომლობასთან დაკავშირებით ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. WWD-ს ინფორმაციით, ნოემბერში მუსიკოსის მონაწილეობით ვიხილავთ ვერსაჩეს პირველ კამპანიას, რომელიც საშობაო თემატიკის იქნება.
“მოხარული ვარ, რომ Hyunjin ვერსაჩეს ოჯახს უერთდება. ჩემთვის შთამაგონებელია ახალ ადამიანებთან მუშაობა, რომლებიც დღევანდელ კულტურას ქმნიან და ჩემთვის Hyunjin-ი ზუსტად ის ადამიანია, რომელიც სავსეა ენერგიითა და კრეატიულობით. მისი თავდაჯერებულობა და თვითგამოხატვის თავისუფლება უსაზღვროა. ის ნამდვილი ვერსაჩეს მამაკაცია.” განაცხადა დონატელა ვერსაჩემ.
რაც შეეხება Hyunjin-ს, მან თანამშრომლობასთან დაკავშირებით შემდეგი კომენტარი გააკეთა: “ძალიან აღელვებული ვარ, ვერსაჩესთან ერთად ახალი თავგადასავალი გველის. გლობალური ამბასადორის როლში, ჩვენ უამრავ დაუვიწყარ მომენტს შევქმნით.” მუსიკოსს სოციალურ მედიაში ჯამში 72.3 მილიონი გამომწერი ჰყავს.