
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ჯერემი სკოტმა Moschino-ს კრატიული დირექტორის თანამდებობა დატოვა, თუმცა ბოლო პერიოდში ეს არ არის ამერიკელ დიზაინერთან დაკავშირებით გავრცელებული ერთადერთი მნიშვნელოვანი სიახლე. როგორც ცნობილი გახდა, ჯერემიმ Hyundai-სთან თანამშრომლობით კაფსულა კოლექცია შექმნა, რომელიც 10 უჩვეულო ნამუშევარს მოიცავს და შექმნილია გადამუშავებული მასალების, მანქანის ნაწილების გამოყენებით. “Couture ან Car-ture” – ასე დაახასიათა ისინი დიზაინერმა.
ეს Hyundai-ის რიგით მეოთხე Re:Style კამპანიაა. ინიციატივის ფარგლებში, კორეული ავტომწარმოებელი იწვევს მოდის დიზაინერებს, რათა საავტომობილო ნარჩენების და გამოუსადეგარი ნაწილების გადამუშავებით კოლექცია შექმნან. გზავნილი გარემოზე ზემოქმედებას და მის დაცვას შეეხება. მდგრადი განვითარების გზაზე, კომპანია 2040 წლისთვის ნახშირბად-ნეიტრალურად ქცევას, 2045 წლისთვის კი თავის მიწოდების ჯაჭვში ნულოვანი ემისიის მიღწევას გეგმავს.



Jeremy Scott x Hyundai
“Hyundai-სგან თანამშრომლობის შეთავაზების მიღება ჩემთვის როგორც პატივი, ისე გამოწვევა იყო. მხიბლავს იდეა, რომ რაღაცის შექმნა შესაძლებელია მასალებისგან, რომლებიც მანამდე არასდროს გამომიყენებია. ასე იყო უსარგებლო უკანა ფარის და უსაფრთხოების ღვედების შემთხვევაში, მაგრამ შედეგი ცხადყოფს, რომ კრეატიულობას შეუძლია ნებისმიერ რამეს შესძინოს ახალი სიცოცხლე,” – აღნიშნავს ჯერემი პრეს რელიზში. “ჩემი აზრით, მიზანი ის არის, რომ ნამუშევრებმა თავად იმეტყველოს ჩვენი პლანეტის სილამაზეზე, ასევე მისი დაცვის და შენარჩუნების მისიაზე.”
კოლექცია გამოფენილია სეულში, სამხრეთ კორეაში. ნამუშევრების მონახულება შესაძლებელი იქნება 9 აპრილის ჩათვლით.