ჟურნალ Vogue -ის იტალიურმა და გერმანულმა გამოცემებმა 2024 წლის ივნისის ნომრები გამოაქვეყნეს. ორივე ქვეყნის ახალ ნომერს ერთი ქავერ-ვარსკვლავი ჰყავს – ამერიკელი მოდელი და მსახიობი ჰანტერ შაფერი.
ჰანტერს მოდისა და კინო სამყაროში უკვე კარგად იცნობენ, მისი ვარსკვლავური სტატუსი სერიალ Euphoria-ს წარმატებამ კიდევ უფრო გაზარდა. გახმაურებულ სერიალში, შაფერი ტრანსგენდერი თინეიჯერის, ჯულსის როლს განასახიერებს. ჯულსის პერსონაჟი ჰანტერთან განსაკუთრებით ახლოსაა, გამომდინარე იქიდან, რომ შაფერი ტრანსგენდერია და წლებია უმცირესობების უფლებების დაცვის საჭიროებაზე ღიად საუბრობს.
წარმატებულ კარიერასთან და მიმზიდველ გარეგნობასთან ერთად, ჰანტერი გამოირჩევა საინტერესო სტილითაც. მისი ლუქები ინტერნეტში ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. გამონაკლისი არ არის 2024 წლის კანის კინოფესტივალი, სადაც მსახიობი და მოდელი Armani Privé-ის უმშვენიერესი კაბით გამოჩნდა და მომენტალურად იქცა კინოფესტივალის ერთ-ერთ საუკეთესოდ შემოსილ ვარსკვლავად.
რაც შეეხება ვოგის ახალ ყდებს, რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჰანტერს მოდის ბიბლიად წოდებული ჟურნალის გარეკანზე ვხედავთ. ჰანტერი Vogue -ის იტალიური და გერმანული გამოცემებისთვის ფოტოგრაფმა ითან ჯეიმს გრინმა გადაიღო.
Vogue იტალია / გერმანია – 2024 წლის ივნისი: