მას შემდეგ, რაც Hugo Boss-ის გენერალურმა დირექტორმა დენიელ გრიდერმა Netflix-ზე დევიდ ბექჰემის შესახებ გადაღებული დოკუმენტური მინი სერიალი იხილა, სურვილი გაუჩნდა, რომ სპორტსმენისთვის პარტნიორობა შეეთავაზებინა.
“დევიდი ყოველთვის ჩანდა რადარზე, თუმცა მას პირადად არ ვიცნობდი და სანამ Netflix-ის დოკუმენტური სერიალი არ ვნახე, არ ვიცოდი თუ რამდენი რამისთვის ჰქონდა თავის ცხოვრებაში მიღწეული, რამდენ სირთულეს გაუმკლავდა და როგორ შეინარჩუნა სიძლიერე,” – განაცხადა მან. “ამ შოუმ ჩემი მთელი წარმოდგენა შეცვალა და დამარწმუნა, რომ თანამშრომლობა უნდა დაგვეწყო.”
დენიელ გრინდერი და დევიდ ბექჰემი
დენიელი დევიდთან შესახვედრად და კოლაბორაციის შესახებ სალაპარაკოდ ლას ვეგასში გაემგზავრა, სადაც სპორტსმენი Formula One-ს რბოლას ესწრებოდა. როგორც მან ცნობილ ფეხბურთელს უთხრა, კომპანიაში დევიდი არ სურდათ, როგორც ელჩი, არამედ მასთან პარტნიორობით იყვნენ დაინტერესებულები, რაც დიზაინის პროცესში მის ჩართულობას და კოლექციის შექმნას გულისხმობდა.
გარიგება შედგა. დევიდ ბექჰემი და Hugo Boss ამიერიდან მრავალწლიანი შეთანხმების საფუძველზე ითანამშრომლებენ, შედეგად მანჩესტერ იუნაიტედის და ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევრადმცველი ბრენდ Boss-ისთვის მამაკაცის კაფსულა და სეზონური კოლექციების შექმნაში მიიღებს მონაწილეობას.
© Hugo Boss
როგორც გერმანული კომპანიის მხრიდან გაჟღერდა, დევიდი დიზაინ პროცესის ყველა ეტაპში იქნება ჩართული. ის უკვე მუშაობს Boss-ის დიზაინ გუნდთან ერთად და მისი მონაწილეობით 2024 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონიდან გლობალური კამპანიების გამოქვეყნება დაიწყება. Beckham x Boss-ის პირველი კოლექცია 2025 წლის გაზაფხულის სეზონზე გამოვა.