Hood by Air მოკლე დროში ახალგაზრდებისთვის საკულტო ბრენდად იქცა და საინტერესო პროექტი გახდა ინდუსტრიის ინსაიდერებისთვისაც, რაზეც მიღებული მნიშვნელოვანი ჯილდოებიც მოწმობს: LVMH Special Jury Prize და CFDA Award. რამდენიმე ფაქტის აღნიშვნა საკმარისი იქნება იმაში დასარწმუნებლად, რომ HBA ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი და საინტერესო ბრენდი იყო, სანამ 2017 წელს დროებით არსებობას შეწყვეტდა.

შეინ ოლივერის პროვოკაციული შემოქმედება ქუჩის სტილს, ანდროგენულობას, ოვერსაიზ სამოსს, ლოგოებს, სლოგანებს და იუმორით გადმოცემულ ისტორიებს აერთიანებს. ჩვენებებზე გამოსულან ეისაპ როკი, ფოტოგრაფი ვოლფგანგ თილმანსი და მათ გარდა, იამაიკელი პორნოვარკვლავებიც.


ASAP Rocky closes Hood by Air F/W 2013 show

2016 წელს რიანას VMA-ზე თავისი პირველი პერფორმანსის დროს HBA ეცვა, რამაც ბრენდის ცნობადობა კიდევ უფრო გაზარდა.

2017 წლის გაზაფხული/ზაფხულის ჩვენება პარიზის გეი საუნაში მოეწყო. კოლექცია Pornhub-თან თანამშრომლიბით შექმნილ სამოსსაც მოიცავდა.

მიუხედავად იმისა, რომ უცნობი იყო რამდენ ხანს გაგრძელდებოდა შემოქმედებითი პაუზა, ოლივერის SSENSE-სთვის მიცემული ახალი ინტერვიუდან ირკვევა, რომ HBA მალე ისევ დაბრუნდება. ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ მოდის კვირეულების ოფიციალურ განრიგში ამ ბრენდის სახელს ვერ წავაწყდებით. შეინი თვლის, რომ მოდის განრიგები სასაცილოა და მოდის კვირეულებიდან სარგებელს მხოლოდ დიდი ბრენდები იღებენ, მათი ჩრდილი კი ახალგაზრდა დიზაინერებს ფარავს, რომელთა შემოქმედებაც შემდეგში მსხვილი კორპორაციების განწყობის დაფაზე ჩნდება.

„არ ვგრძნობ ამ საუბრის ნაწილად ყოფნის საჭირეობას. მინდა ბრენდი ზოგადად მოდის საუბრიდან ამოვიღო და საშუალება მივცე მოდის სისტემის გარეთ იარსებობს, შედეგად ხალხი შეძლებს რეალურად დაინახოს, რომ არ ვცდილობ არაფრის დამტკიცებას ან მოდის სამყაროსთვის ლექსიკონის შექმნას.“ – შეინ ოლივერი

Backstage at Hood by Air S/S 2015

დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ იდეები, რომლებზეც HBA არის დაფუძნებული არ შეიცვლება, მაგრამ გარკვეულ სიახლეებს უნდა ველოდეთ.

“არავინ იცის ჩვენს ‘ქამბექს’ როგორ მიიღებენ. საუკეთესოს იმედი გვაქვს, თუმცა ასევე გვესმის გარკვეული დრო რომ გავიდა.” – შეინ ოლივერი