
დონატელა ვერსაჩე ახალი, 2023 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის შექმნისას კუტიურზე, უფრო კონკრეტულად Atelier Versace-ზე ფიქრობდა, ხოლო როდესაც წელში გამოყვანილ კოქტეილის კაბებზე მუშაობა დაასრულა, მაშინვე თქვა: “ეს კოლექცია ლოს ანჯელესისთვისაა.” ასეც გადაწყდა, მილანის ნაცვლად ჩვენება „ოსკარების“ მღელვარებით გაჟღენთილ ლოს ანჯელესში გუშინ ჩატარდა. ვარსკვლავური შემადგენლობა მხოლოდ პოდიუმზე გამომსვლელ სუპერმოდელებში არ შეიმჩნეოდა, ჩვენების წინა რიგებში, მოწვეული 520 სტუმრიდან 120 VIP სტუმარი იყო, რომელთაც დონატელამ პირადად შეურჩია ლუქები ჩვენებისთვის. მაილი საირუსი, შერი, ჯეფ ბეზოსი, დუა ლიპა, ელტონ ჯონი, პამელა ანდერსონი… სია უსასრულოდ გრძელდება.
ლოს ანჯელესში მოულოდნელი აციების გამო, ჩვენება დაგეგმილზე 24 საათით ადრე ჩატარდა, თუმცა გეგმის შეცვლას სულაც არ შეუშლია ხელი ჩვენება იმაზე ნაკლებად შთამბეჭდავი ყოფილიყო, ვიდრე ეს დონატელას სურდა. Pacific Design Center-ის სახურავზე, ჰოლივუდ ჰილსისა და თოვლიანი სან ბერნარდინოს მთების ფონზე მზის ჩასვლისას, კოლექცია სუპერმოდელებმა თვალწარმტაც სანახაობად აქციეს.



მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ვერსაჩე ქუჩის სტილის აქტიური მიმდევარი იყო, აღნიშნულ კოლექციაში დონატელა ბრენდის ფესვებს დაუბრუნდა. მაშინაც კი, როდესაც პოდიუმზე პარკა გამოჩნდა, ის ნეილონითა და ნიანგის ტყავის იმიტაციით, გლამურული ინტერპრეტაციით იყო წარმოდგენილი. მოდის სახლის კოდები და სექსუალური სილუეტები 90-იანი წლებით, კერძოდ 1995 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციით იყო შთაგონებული, რომელიც ჯანი ვერსაჩემ შექმნა.
მამაკაცის სამოსის შთაგონებაც 90-იანი წლებია, თავიუსუფალი და ფართე კლასიკური შარვლებითა და პიჯაკებით (ერთ-ერთი მათგანი Lil Nas X-ს უკვე ეცვა ჩვენების წინა რიგში). დონატელამ ასევე თავისივე ქამრები დააბრუნა პოდიუმზე, რომელთა დიზაინიც მან ვერსაჩესთვის 2000-იან წლებში შექმნა.



მზის ჩასვლასთან ერთად, პოდიუმზე ვერსაჩეს ქალღმერთები ვარდისფერ, სტაფილოსფერ და ცისფერ ფერებში გამოჩნდნენ, ხოლო ჩვენების ბოლოს ოპერის მუსიკა პრინცის “Let’s Go Crazy”-მ ჩაანაცვლა, რამაც ჩვენების ვარსკვლავური ქასთი და სტუმრები მომავალი after-party-სთვის შეამზადა.
ჩვენების ჩანაწერი სრულად: