
Little Mermaid-ის ახალი ადაპტაციის ვარსკვლავი, ჰოლი ბეილი V Magazine-ის ახალი, 2023 წლის ზაფხულის გამოშვების ყდაზეა. მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, რომ არიელის როლს აფრო-ამერიკელი მსახიობი შეასრულებდა, ინტერნეტში წინააღმდეგობრივი გამოხმაურება არ წყდება. საზოგადოების ნაწილი, არიელის როლზე, ბუნებრივად წითური თმის და ღია კანის ფერის მქონე მსახიობის შერჩევას ამჯობინებდა, ნაწილი კი, ხაზს იმ ფაქტს უსვამს, რომ ბეილის არ აქვს სამსახიობო გამოცდილება და ის მხოლოდ მუსიკოსია, თუმცა გავრცელებულ თრეილერში ნათელია, რომ 23 წლის ბეილიმ როლს თავი კარგად გაართვა და შესაძლოა, ამ ფილმით მისი კარიერა ჰოლივუდში არნახულად განვითარდეს.
ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში, ჰოლი სხვადასხვა თემებს შეეხო, მათ შორის, ხავიერ ბარდემთან და მელისა მაკქართისთან მუშაობის პროცესს, „მელისა უნიჭიერესი მსახიობია, მან ზუსტად იცის, რა სურს და როგორ მოიქცეს. მასთან და ხავიერთან მუშაობა ჩემთვის უდიდესი პატივი იყო და მათგან ბევრი რამ ვისწავლე.“ როგორც უკვე აღინიშნა, ჰოლისთვის ეს პირველი როლია, რაზეც მან შემდეგი კომენტარი გააკეთა, „საკუთარ თავს უპირველეს ყოვლისა მუსიკოსად ვთვლი. 18 წლის ვიყავი, როდესაც პირველად მივიღე შემოთავაზება არიელის როლისთვის ქასთინგზე მივსულიყავი. თავიდან ძალიან გამიკვირდა, რადგან იმ მომენტისთვის ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან უცხო იყო, თუმცა პირველი ქასთინგის მომენტიდან ფილმის გუნდი ჩემს მიმართ ძალიან თბილად განეწყო და ამან ძალიან გამიადვილა მათთან მუშაობა.“
ფოტოგრაფი: რობ რასლინგი
სტილისტი: ანა ტრეველიანი









ფილმის პრემიერა 24 მაისს იგეგმება. ჰოლი ბეილის, მელისა მაკქართისა და ხავიერ ბარდემის გარდა ფილმში ვიხილავთ ისეთ მსახიობებს, როგორებიც არიან: ჯეიკობ თრემბლი, ჯონა ჰაუერ-ქინგი, სიმონ ეშლი, Akwafina, ლინ-მანუელ მირანდა, და სხვები. ფილმის რეჟისორი რობ მარშალია.