H&M იმ ბრენდის სტატუსით სარგებლობს, რომელიც მომხმარებელს მუდმივ სიახლეებს სთავაზობს. უკვე მრავალი წელია, რაც H&M-მა ცნობილ დიზაინერებთან და პერსონებთან თანამშრომლობა ერთგვარ ტრადიციად აქცია. ამჟამად ბრენდმა ფრანგულ მოდის სახლთან, Rabanne-თან კოლაბორაცია წარადგინა.
კოლექციის ექსკლუზიური პრეზენტაცია ბელგრადში, სერბეთში გაიმართა, რომელსაც მოდის და სოციალური მედიის უამრავი პოპულარული ფიგურა ესწრებოდა. ადგილობრივ და საერთაშორისო სტუმრებს შორის იყვნენ ქართველი ცნობილი სახეები – სალომე ღვინიაშვილი, მარიამ სანოგო და ნინუცა ორჯონიკიძე. Rabanne-ის ესთეტიკისა და მოდის სახლის შემოქმედებითი ხელმძღვანელის, ჟულიენ დოსენას შთაგონების შესაბამისად, ღონისძიება ვერცხლისფერ და ოქროსფერ ფერებში იყო გადაწყვეტილი.
როგორც უკვე ვახსენეთ, H&M-ისა და მაღალი მოდის ბრენდის თანამშრომლობა ადრეც გვინახავს, თუმცა ეს შემთხვევა მაინც განსაკუთრებულია. მიზეზი Rabanne-ის მოდის სახლის ისტორია, მისი თანამედროვე კონტექსტი და გავლენაა. 60-იანი წლებიდან მოყოლებული Rabanne ფრანგული მოდის სამყაროს ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდია. მისი დამფუძნებელი – პაკო რაბანი (Paco Rabanne) მოდის ისტორიაში შევიდა, როგორც თავისი დროისა და ეპოქის განმსაზღვრელი უნიკალური დიზაინერი. Rabanne იყო და არის ბრენდი, რომელმაც გლამურისა და მომავლის ხედვის ორიგინალურ სინთეზს მიაგნო და ის ხელწერა დაამკვიდრა, რომელიც მის სავიზიტო ბარათად იქცა. დღესდღეობით, ჟულიენ დოსენას (Julien Dossena) კრეატიული ხელმძღვანელობით, Rabanne კვლავ ინარჩუნებს ერთ-ერთი ყველაზე უნაკლო ფრანგული ბრენდის სტატუსს.
პაკო რაბანის მემკვიდრეობის შთაგონებით, რომელსაც მოდის სახლი Rabanne დღემდე ატარებს, ჟულიენ დოსენამ და H&M-მა მომხმარებელს წარუდგინეს კოლაბორაცია, რომელიც შლის საზღვარს რეტროსა და ფუტურიზმს შორის, საუკეთესოდ ასახავს ბრენდის ფერად ბუნებას და ბალანსს გლამურსა და ყოველდღიურობას შორის. სწორედ H&M-თან თანამშრომლობით შედგა Fashionholics Online-ის ინტერვიუ ჟულიენ დოსენასთან, სადაც მან აღნიშნა: „მსურს რომ ჩემი ტანისამოსი მარტივად ტარებადი იყოს. კოლექციაზე მუშაობისას, ბრენდის საკულტო ნამუშევრები გამოვიყენეთ და ასევე ვიზრუნეთ იმაზე, რომ კოლაბორაციაში იყოს დასასვენებელი და ყოველდღიური ტანისამოსი. ეს ბალანსი საჭიროა. ვიმედოვნებ, რომ კოლექციაში ყველა იპოვის თავისთვის საყვარელ ნივთს.“
H&M x Rabanne-ის კოლექციაში წარმოდგენილია ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის ხაზი, ფეხსაცმელი და აქსესუარები. 9 ნოემბრიდან კოლექცია მსოფლიო მასშტაბით, H&M-ის ლიმიტირებულ მაღაზიებში იყიდება. აქ კი განსაკუთრებით სასიხარულოა ის, რომ მათ შორის საქართველოც არის. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, კოლექცია დაათვალიერონ და შეიძინონ H&M-ის თბილისის მაღაზიებში და ასევე ბრენდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე – HM.com.
აღსანიშნავია, რომ H&M-ის ქართულმა წარმომადგენლობამ კოლექციას სპეციალური კამპანიაც მიუძღვნა, რომელიც ფოტოგრაფმა თორნიკე აივაზიშვილმა გადაიღო. კამპანიაში მარიამ სანოგო, ნინუცა ორჯონიკიძე და სალომე ღვინიაშვილი მონაწილეობენ.
იხილეთ H&M x Rabanne-ის ქართული კამპანია:
ქართული კამპანიის კრედიტები:
მოდელები: სალომე ღვინიაშვილი, მარიამ სანოგო, ნინუცა ორჯონიკიძე.
ფოტოგრაფი: თორნიკე აივაზიშვილი
Production: ARIAL BOLD
ვიზაჟისტი: ანა თოდუა
თმის სტილისტი: ვიქტორია გიგიშვილი