სწრაფი მოდის ბრენდებს შორის სამართლებრივი დავა დაიწყო. ამჯერად ჩინურ კომპანია SHEIN-ს H&M საავტორო და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევისათვის უჩივის. H&M -ის მტკიცებით, SHEIN მის კოლექციებს იპარავს. 

სამართლებრივი დავის შესახებ პირველად გამოცემა Bloomberg-მა დაწერა. საჩივრის შინაარსის შესახებ შესაბამისმა პირებმა პირველად 2023 წლის ივნისში შეიტყვეს, როცა ჰონგკონგში პირველი სასამართლო მოსმენა ჩატარდა. ირკვევა ისიც, რომ H&M-მა საჩივარი ჯერ კიდევ 2022 წელს შეიტანა. როგორც მედიასთან ერთ-ერთი წყარო ამბობს, H&M ამ სარჩელს 2021 წლიდან ამზადებდა. ეს ის დროა, როცა SHEIN-ს ამჟამინდელი მსოფლიო პოპულარობა ჯერ კიდევ არ ჰქონდა მოპოვებული. შეგახსენებთ, რომ Shein 2022 წლის ყველაზე პოპულარულ ბრენდად დასახელდა. კომპანიას, რომელიც ჩინეთში 2008 წელს დაარსდა, 2022 წლის განმავლობაში Google-ის საძიებო ქსელში ყველაზე ხშირად ეძებდნენ.