გასულ კვირას ჯასტინ ბიბერმა ინსტაგრამ სთორებში შვედურ კომპანიას H&M-ს მისი სახელის დაუკითხავად გამოყენებაში დასდო ბრალი. ორშაბათს, კომპანიამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ კოლაბორაცია ლეგალური პროცედურების სრული დაცვით იყო შექმნილი და რომ ისინი არ აპირებენ კაფსულა კოლექციის გაყიდვების შეჩერებას, მანამ, სანამ დეტალური გამოძიება არ ჩატარდება.

ამის მიუხედავად, კვირის ბოლოს კომპანიამ კვლავ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნეს, რომ გაყიდვები უკვე შეჩერებულია, რაც “ჯასტინისა და კოლაბორაციის მიმართ პატივისცემითაა მოტივირებული.” კოლექცია აღარაა ხელმისაწვდომი ონლაინ, ისევე, როგორც ფიზიკურ მაღაზიებში.

მაისურები, კაბები, ჩანთები და ტელეფონის ქეისები – ათასობით, შესაძლოა ასობით ათასი ერთეული ჯასტინის ფოტოებითა და ფრაზებით აღარ გაიყიდება, თუმცა უცნობია, რა ბედი ეწევა ნივთებს. H&M-ს, როგორც სწრაფი მოდის ბრენდს, ხშირად აკრიტიკებენ ჭარბწარმოების გამო, ხოლო ასეთ შემთხვევებში კრიტიკა გაორმაგებულია.

რაც შეეხება კოლაბორაციის შესახებ სამართლებრივ ქმედებებს, ჯერ-ჯერობით არც ერთ მხარეს არ მიუმართავს სასამართლოსთვის. ჯასტინ ბიბერის მხრიდან ოფიციალური განცხადება აღნიშნულ თემაზე ჯერ კიდევ არ გავრცელებულა.