“მაკქუინის ბრენდის ქალთმოძულე აბსურდულობა მოდას სახელს უტეხს,” – წერდა სალი ბრემპტონი The Guardian-სთვის ალექსანდრ მაკქუინის 1995 წლის ჩვენებაზე, რომელიც პრესის წარმომადგენლების უდიდესმა ნაწილმა არასწორად გაიგო. ჩათვალეს, რომ პოდიუმზე გაუპატიურების მსხვერპლი ქალები იხილეს, დიზაინერი კი მიზოგინად შერაცხეს. სინამდვილეში, ეს შოუ სულ სხვა რამის ჩვენებას ემსახურებოდა.
სხვა დიზაინერების შემოქმედებაში შოტლანდიის ხშირი რომანტიზებით დაღლილმა მაკქუინმა გადაწყვიტა პოდიუმზე მისი ისტორიული, უფრო მძიმედ სანახავი მხარე გამოევლინა. ჩვენება “ინგლისის მიერ შოტლანდიის გაუპატიურებას” წარმოაჩენდა.
გამომშრალი ნარშავებით, მანანებით, ფოთლებითა და ხავსით მოფენილ პოდიუმზე გამძვინვარებულმა მოდელებმა აუდიტორიას ჩამოხეული, ჩამოკაწრული, პროვოკაციული სამოსი წარუდგინეს. ტრადიციული ტარტანი შეცბუნებულმა, გაოგნებულმა მაყურებლმა სულ სხვა სახით იხილა.
ბრიტანელმა დიზაინერმა კოლექციას “Highland Rape” უწოდა და იზაბელა ბლოუს მიუძღვნა, რადგან მასში მის მახასიათებლებს ხედავდა: “მაკაბრულობას, რომანტიულობას, თეატრალურობას, რთული სიტუაციიდან თავის დაღწევის უნარს და გულწრფელობას.”
მაკქუინის ყოველი ჩვენება ავტობიოგრაფიული იყო და არც ეს ყოფილა ამ მხრივ გამონაკლისი. დიზაინერის მამის ოჯახს შოტლანდიური ფესვები აქვს. ლი სწავლობდა შოტლანდიის ისტორიას და ინგლისის მიერ მისი დაპყრობის ფაქტებს ეცნობოდა.
“ადამიანები იმდენად უინტელექტოები აღმოჩნდნენ, ჩათვალეს, რომ ჩვენება ქალებზე ძალადობას ეხებოდა,” – განაცხადა დიზაინერმა კრიტიკასთან დაკავშირებით. “Highland Rape ინგლისის მიერ შოტლანდიის გაუპატიურებას ეძღვნებოდა. პრესამ ჯვარზე მაცვა, მაგრამ მიხარია, რომ ეს კოლექცია გავაკეთე. ბრიტანელებმა ოჯახები, ბავშვები ამოხოცეს, ყველაფერი გაანადგურეს.”
მთელი თავისი კარიერის განმავლობაში მაკქუინი ცდილობდა ქალები არა სუსტებად, არამედ ძლიერებად წარმოეჩინა. ადრეულ ასაკში თავად გახდა ქალზე ძალადობის მოწმე, მსხვერპლი კი თავისი და იყო. მას უნდოდა ხალხს შეშინებოდა იმ ქალების, რომლებსაც ის აცმევდა:
“ტანსაცმელს იმიტომ ვქმნი, რომ არ მინდა ქალები სუსტები და გულუბრყვილოები ჩანდნენ… მინდა, რომ უფრო ძლიერებად გამოიყურებოდნენ… არ მომწონს, როცა ქალებს იყენებენ… არ მომწონს მამაკაცები ქუჩაში ქალებს რომ უსტვენენ. მგონია, რომ ისინი მეტ პატივისცემას იმსახურებენ. მომწონს კაცები, რომლებიც ქალებთან დისტანციას ინარჩუნებენ. მინახავს ქალი, რომელიც ქმარს სიკვდილამდე უცემია. ვიცი რა არის ქალთმოძულეობა… მინდა ხალხს ეშინოდეს ქალების, რომლებსაც მე ვაცმევ.”
Alexander McQueen შემოდგომა/ზამთარი 1995 – Highland Rape