პარასკევს ცნობილი გახდა, რომ გასული წლის მეოთხე კვარტალში Hermès-ის გაყიდვები 23%-ით გაიზარდა, წლიურმა შემოსავალმა კი €11.6 მილიარდი ($12.4) შეადგინა, რაც 2021 წლის შედეგებთან შედარებით 29%-იანი ზრდაა. კომპანიის წმინდა მოგებამ €3.4 მილიარდს მიაღწია.

BOF-ის გავრცელებული ინფორმაციით, შემოსავლის რეკორდული მაჩვენებლის დაფიქსირების შედეგად, ფრანგული მოდის სახლის ყველა თანამშრომელი ერთჯერადი ბონუსის სახით €4,000-ს მიიღებს. მზარდი გაყიდვებისა და მოგების ფონზე, აღნიშნულ თანხას Hermès ჯამში კომპანიაში დასაქმებულ 19,700 ადამიანს გადაუხდის.

Hermès გაზაფხული 2023 © Vogue Runway

Hermès-ის გენერალური დირექტორის, აქსელ დიუმას, თქმით, პარიზში ორი ახალი საწარმოო ადგილის ამოქმედება იგეგმება და კადრების დაქირავებას განაგრძობენ. გასულ წელს, კომპანიას 2,100 თანამშრომელი დაემატა, საშუალო ხელფასი კი 6%-ით გაიზარდა.

ამჟამად მდიდრული მოდის ყველაზე მაღალშემოსავლიან ბრენდებს შორის Hermès მესამე ადგილს იკავებს, პირველ და მეორე პოზიციებს კი Louis Vuitton და Chanel ინაწილებენ. გასული წლების განმავლობაში სამეულში Hermès-ის ადგილი 2017 წელს Gucci-მ დაიკავა.