WWD-ს ცნობით, Slingo-მ Google-ს საძიებო ველისა და Instagram-ის მონაცემებზე დაყრდნობით მსოფლიოში ყველაზე სასურველი დიზაინერული ჩანთები გამოავლინა. როგორც მოსალოდნელი იყო, სიაში პირველ ადგილს Hermès-ის საკულტო “Birkin” იკავებს, რომელსაც 2020-დან 2023 წლის ჩათვლით ყოველთვიურად საშუალოდ 159,208-ჯერ ეძებდნენ. ჩანთა ბრიტანელი-ფრანგი მომღერალისა და მსახიობის ჯეინ ბირკინის სახელს ატარებს, რომელიც 16 ივლისს პარიზში, საკუთარ სახლში 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ჩანთის ისტორია 1984 წელს იწყება, როდესაც ლონდონში მიმავალი ჯეინი თვითმფრინავში “თავაზიანი ჯენტლმენის” გვერდით მოხვდა. “თან ქაღალდებით და ყველაფრით სავსე ჩანთა მქონდა. ყველაფერი ძირს დამიცვივდა, ავკრიფე და მან მითხრა, რომ შიგნით სათავსოები მჭირდებოდა, მე კი ვუპასუხე: “რა ვქნა, Hermès მას სათავსოებით არ უშვებს,” რაზეც მომიგო: “მე ვარ Hermès-ი,” – გაიხსენა მან 2018 წელს ენტონი მესონთან ინტერვიუში. მამაკაცი, რომელზეც ის საუბრობდა, ფრანგული მოდის სახლის აღმასრულებელი თავმჯდომარე ჟან-ლუი დიუმა გახლდათ.
“ვუთხარი, “იქნებ შექმნათ ჩანთა, რომელიც “Kelly”-ზე ცოტათი დიდი იქნება, მაგრამ იმდენად დიდი არა, როგორიც ჩემი ჩემოდანია, რომელიც ტონას იწონის?” მიპასუხა: “მაინც როგორის?” პირღებინების ჩანთაზე პატარა ესკიზი დავხატე, რომელიც თან წაიღო. ერთი თვის შემდეგ კი Hermès-ისგან ზარი მივიღე, მთხოვეს ჩანთა მენახა,” – ამბობს ჯეინი ინტერვიუში. ნიმუში, რომელიც მას წარუდგინეს მუყაოსგან იყო დამზადებული და როდესაც ხელში დაიკავა, ახალი დიზაინისთვის მის პატივსაცემად ბირკინის დარქმევის ნებართვა სთხოვეს.
“როდესაც ვიღაცამ მკითხა, პირველ რიგში, რის გამო ვიყავი ცნობილი, ვუპასუხე, რომ შესაძლოა ჩანთის გამო,” – თქვა ჯეინმა და ენტონის კომენტარს, რომ შესაძლოა იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მას გაუკეთებია, ალბათ, მაინც ჩანთის გამო ეცოდინებიდათ მის შესახებ, ასე გამოეხმაურა: “შესაძლოა. უარესიც შეიძლებოდა.”

ჯეინ ბირკინი, 2013 წელი, ტოკიო © Jun Sato/WireImage
მაღალი ფასის მიუხედავად, ჩანთა “Birkin”-ის პოპულარობა კლების ნაცვლად უფრო და უფრო იმატებს. შედარებით “ხელმისაწვდომი” მოდელების ღირებულება 10,000 დოლარია, თუმცა “Birkin” გაცილებით მაღალ ფასშიც იყიდება. მაგალითად, გასულ წელს, ნიანგის ტყავის, ბრილიანტებით მორთულ “Himalayan Birkin 30”-ში 450,000 დოლარი გადაიხადეს.
სიაში “Birkin”-ს მოსდევს Louis Vuitton-ის “Neverfull” საშუალოდ 126,629 ყოველთვიური ძიების შედეგით. მესამე ადგილს კი Gucci-ს “Marmont” იკავებს – 82, 375-იანი მაჩვენებლით.