ფრანგული მოდის სახლი Hermès ჩანთა “Victoria”-ს გამოშვებას განახლებული მასალით გეგმავს. ბრენდი, რომელიც ტრადიციულ luxury სეგმენტს განეკუთვნება და განსაკუთრებით ცნობილია ტყავის ნაწარმით, თავის ერთ-ერთ პროდუქტს მდგრადი ტყავის გამოყენებით შექმნის, რაც ამ მიმართულებით მოდის ინდუსტრიაში გადადგმული დიდი ნაბიჯია. 

The Business Of Fashion-ის გავრცელებული სიახლე მრავალმხრივ საყურადღებოა. გასულ წლებში არაერთმა ბრენდმა განაცხადა უარი ბუნებრივი ბეწვისა და ეგზოტიკური ტყავის გამოყენებაზე, მათ შორისაა: Gucci, Chanel და Burberry. ბრენდების უმეტესობა ცდილობს ცხოველის ტყავი ალტერნატიულით ჩაანაცვლოს, სრულებით თუ არა ნაწილობრივ მაინც. მაგრამ კამათი არ მთავრება იმაზე თუ რამდენად მდგრადია მასალა, რომელსაც ნატურალური ტყავის ჩასანაცვლებლად იყენებენ და ამ მხრივ ექსპერიმენტებიც მუდმივად ტარდება.

Hermès ‘Victoria’ bag 
© BOF / Coppi Barbieri

ალტერნატივებს შორის ვხვდებით პლასტმასზე დაფუძნებულ ტყავს, რომელსაც შესაძლოა ცხოველები არ ეწირებიან, თუმცა ის გარემოზე განსაკუთრებით მავნედ ზემოქმედებს, ამიტომ მას მდგრად ჩამნაცვლებლად ვერ მოვიხსენიებთ. ასევე ხილზე დაფუძნებულ ყალბ ტყავსაც, მათ შორის – ანანასისგან მიღებულს, რაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. თუმცა ამ მომენტში განსაკუთრებულ ყურადღებას სოკო იპყრობს.

Hermès მიმდინარე აქტუალურ საუბარში სან ფრანცისკოში დაარსებულ სტარტაპ MycoWorks-თან თანამშრომლობით ერთვება, რომელიც ვეგანურ ტყავს ლაბორატორიაში სოკოს ფესვთა სტრუქტურაში შემავალი ბოჭკოებიდან გაზრდის.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება Hermès-ს ხელს არ შეუშლის კვლავ გამოიყენოს ტრადიციული მასალა, მათ შორის ნიანგის ტყავი ჩანთა “Birkin”-ში, ინიციატივა მაინც მღელვარებას იწვევს. როგორც ცნობილია, PETA-მ კომპანიას უკვე გაუგზავნა შამპანურის ბოთლი.