გასული წლის აპრილში, როდესაც ეკრანებზე „ნეტფლიქსის“ ახალი თინეიჯერული სერიალი Heartstopper გამოვიდა, კინო სამყარომ ახალგაზრდა ბრიტანელი მსახიობი, კიტ კონორი გაიცნო. სერიალის სიუჟეტი სკოლის მოსწავლე ბიჭების, ნიკ ნელსონისა და ჩარლი სპრინგის სიყვარულის ისტორიის გარშემო ვითარდება. კონორი სწორედ ნიკ ნელსონის პერსონაჟს განასახიერებს. მიუხედავად შოუს არც თუ ისე დიდი ბიუჯეტისა, პროექტი მალევე იქცა „ნეტფლიქსის“ 2022 წლის ერთ-ერთ ჰიტ-შოუდ, მონაწილე მსახიობები კი, საერთაშორისო მედიების ყურადღების ცენტრში, გახმაურებული ღონისძიებების წითელ ხალიჩებზე, ვოგის გარეკანებსა და პარიზის მოდის კვირეულის წინა რიგებში აღმოჩნდნენ.
„ეს ცოტა საშიში და გადამეტებულია“- ამბობს კონორი ცნობადობის მოულოდნელ და სწრაფ ზრდაზე ბრიტანულ ვოგთან ინტერვიუში, რომელიც გამოცემის 2023 წლის აგვისტოს ნომერში დაიბეჭდა. ახალგაზრდა მსახიობისთვის გასული წელი ყველაზე წარმატებული და ამავდროულად სტრესულიც აღმოჩნდა. სერიალის გამოსვლის შემდეგ, კიტი თავს არიდებდა სექსუალურ ორიენტაციაზე კითხვებს, თუმცა მას შემდეგ რაც კრიტიკამ მასშტაბური სახე მიიღო, 18 წლის მსახიობმა ტვიტერზე დაწერა: „მე ბი სექსუალი ვარ. გილოცავთ, 18 წლის მოზარდი აიძულეთ დაქამინგაუთებულიყო. ვფიქრობ, ზოგიერთმა თქვენგანმა სერიალის მიზანი ვერ გაიგო.“
ვოგთან ახალ ინტერვიუში, კონორი იხსენებს, რომ სტატუსი ემოციურ ფონზე დაწერა, „ეს არავის საქმე არ არის“ – ამბობს მსახიობი, „უბრალოდ მჭირდებოდა დაგროვილი ენერგია გარეთ გამომეშვა“ და ამატებს, რომ იმ მომენტში, როდესაც მსოფლიოს თავისი სექსუალური იდენტობის შესახებ „ძალდატანებით“ ეუბნებოდა, გაბრაზებაზე მეტად იმედგაცრუებას გრძნობდა. კიტის თქმით, თავის სექსუალურ ორიენტაციაში Heartstopper-მდე გარკვეული იყო: „ეს ჩემთვის ძალიან ბუნებრივი იყო. ერთი კონკრეტული მომენტი არ ყოფილა, როდესაც მივხვდი რომ ბი სექსუალი ვარ, უბრალოდ დროთა განმავლობაში უფრო და უფრო აშკარა ხდებოდა.“ ოჯახის რეაქციაზე, ახალგაზრდა მსახიობი მათ მხარდაჭერას და მიმღებლობას უსვამს ხაზს, სირთულეებზე კი, ბიჭების სკოლა ახსენდება, რომელსაც ზედმეტად „ჰეტერონორმატიულ“ ადგილად აღწერს.
სერიალის მეორე სეზონში, კიტ კონორის პერსონაჟის, ნიკ ნელსონის მაგალითზე ნაჩვენებია ბი სექსუალი ადამიანების მიმართ არსებული სტერეოტიპული დამოკიდებულება, რომელიც კონორისთვის პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე კარგად ნაცნობია: „ზედმეტად ჰეტეროსექსუალი ხარ იმისთვის რომ გეი იყო, ან ზედმეტად გეი ხარ საიმისოდ რომ ჰეტეროსექსუალი იყო,“ ამბობს მსახიობი. მიუხედავად თავის პერსონაჟთან აშკარა მსგავსებისა, მსახიობი აღნიშნავს, რომ თავად იმდენად პოპულარული მოსწავლე არასდროს ყოფილა, როგორც ნიკ ნელსონი. „ნიკი ძალიან კომფორტულია სოციუმში, მე კი, ხშირად საკმაოდ უხერხულად ვარ. ცოტა ინტროვერტი ვარ.“
ინტერვიუ სრულად: Vogue.co.uk.