HBO-მ სერიალი The Idol პირველი სეზონის შემდეგ ოფიციალურად გააუქმა. ამის შესახებ ხმები პრესაში ჯერ კიდევ შოუს ფინალური სერიის გამოსვლამდე ვრცელდებოდა, თუმცა მაშინ HBO-მ ინფორმაცია უარყო. The Idol-ის მიღმა სერიალ Euphoria-ს რეჟისორი – სემ ლევინსონი და The Weeknd დგანან. სწორედ The Weeknd იყო პროექტის იდეის ავტორი. სერიალი 2022 წელს ხმაურიანად დაანონსდა და მისი დახურული მსოფლიო პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგა, სადაც პროექტმა ოვაციები დაიმსახურა.

მიუხედავად დიდი პიარ კამპანიისა და ეფექტური დასაწყისისა, პრემიერის შემდეგ The Idol-მა მაყურებლის დიდი კრიტიკა დაიმსახურა. კრიტიკა ეხებოდა სცენარის განვითარებას, წარმოჩენილ ღირებულებებს, კონტექსტს და პერსონაჟებს. განსაკუთრებული კრიტიკა სწორედ The Weeknd -ის პერსონაჟმა დაიმსახურა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ The Idol-ის პირველი სეზონი შემქმნელების თავდაპირველი გადაწყვეტილებით 6 სერიისაგან შედგებოდა, თუმცა, სერიალი მეხუთე სერიით დასრულდა.

THE IDOL-ის პრემიერა 2023 წლის 4 ივნისს, HBO Max-ზე შედგა. სერიალში მთავარ როლებს ლილი-როუზ დეპი და The Weeknd ასრულებენ. დეპი პოპ ვარსკვლავს განასახიერებს, ხოლო The Weeknd მაყურებელმა კულტის ლიდერის როლში იხილა. THE IDOL-ში მონაწილეობს ცნობილი კორეული ჯგუფის, BLACKPINK-ის წევრი ჯენიც.